ფონდმა „ლაზარემ“ ახალგაზრდებთან სამშვიდობო ბანაკი გამართა
ცხრა დღის განმავლობაში 40 ახალგაზრდა ერთობლივ აქტივობებში მონაწილეობდა, ერთმანეთს გაეცნო და თანამშრომლობისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის უნარები განივითარა.
19-27 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ ახალგაზრდული სამშვიდობო ბანაკი გამართა, რომელშიც მონაწილეობა 40-მა ქართველმა, აფხაზმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ მიიღო.
ცხრა დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთად ეცხოვრათ, ემუშავათ გუნდურად, მიეღოთ ახალი ცოდნა და გამოცდილება, ასევე უკეთ გაეცნოთ ერთმანეთის კულტურა და შეხედულებები.
ფონდ „ლაზარეს“ მიერ შემუშავებული და აპრობირებული პროგრამა არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობას, ჯგუფურ მუშაობას, დისკუსიებს, გუნდურ სავარჯიშოებსა და შემოქმედებით ღონისძიებებს აერთიანებდა.
ბანაკის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ყველა ღონისძიებაში. მათ განივითარეს ერთმანეთის მოსმენის, ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობის, განსხვავებული შეხედულებების პატივისცემისა და უთანხმოებების მშვიდობიანი გზით გადაჭრის უნარები.
პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველდღიური ურთიერთობები იყო. ერთობლივი საქმიანობა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, აღმოეჩინათ საერთო ინტერესები, გაეზიარებინათ ერთმანეთის კულტურა და ტრადიციები, ესაუბრათ სხვადასხვა თემაზე და ახალი მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინათ.
ფონდ „ლაზარეს“ საქმიანობაში ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები სამშვიდობო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მსგავსი შეხვედრები კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთმანეთის პირისპირ გაცნობის, ნდობის ჩამოყალიბებისა და თანამშრომლობის კულტურის განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ფონდის შეფასებით, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობებისა და ურთიერთპატივისცემის გაძლიერებაში, რაც, თავის მხრივ, რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.
ახალგაზრდული სამშვიდობო ბანაკი ფონდ „ლაზარეს“ სამშვიდობო პროგრამის ფარგლებში გაიმართა და საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში ილია II-ის ხსოვნას მიძღვნილი საღამო გაიმართა სახელწოდებით ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”.