მთავრობის წევრებმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შინდისში იმყოფებოდა და 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერმა შინდისის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან ასევე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდში მიიღო მონაწილეობა.
პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
„მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული. ეს არის ის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდნენ თაობები ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მათი გმირობა არის უკვდავი, მათი სულები არის უკვდავი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა შინდისის გმირების მშობლებსა და ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი გმირობა მრავალი თაობისთვის იქნება სამაგალითო.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. შინდისის ბრძოლა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითად და ქართველი სამხედროების თავგანწირვისა და გმირობის სიმბოლოდ რჩება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, 8 აგვისტოს ეკლესია 2008 წლის ომში დაღუპულთა სულებისთვის ლოცვას აღავლენს.