11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან 22 ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ უთანასწორო ბრძოლაში გმირულად იბრძოლა.
11 აგვისტო საქართველოში შინდისის გმირების დღეა — დღე, როდესაც პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 22 ქართველი სამხედრო მოსამსახურე უთანასწორო ბრძოლაში აღმოჩნდა. მათ მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვან სამხედრო ნაწილს წინააღმდეგობა გაუწიეს.
ბრძოლის შედეგად 17 ქართველი სამხედრო დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
ბრძოლას ხუთი ქართველი სამხედრო გადაურჩა — გიგა მურვანიძე, ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია, თენგიზ ცანავა და ოთარ კალმახელიძე.
შინდისის ბრძოლა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამხედრო თავგანწირვისა და გმირობის ერთ-ერთ სიმბოლოდ დარჩა. 11 აგვისტოს საქართველო კიდევ ერთხელ იხსენებს იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც სიცოცხლე ქვეყნის დაცვისთვის გაწირეს.
შინდისის გმირების ხსოვნა საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, 8 აგვისტოს ეკლესია 2008 წლის ომში დაღუპულთა სულებისთვის ლოცვას აღავლენს.