ეპისკოპოსმა საბამ ფილადელფიაში ქართული სამრევლოების მოძღვრებსა და მრევლს უმასპინძლა
შეხვედრაზე განიხილეს ეპარქიის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო გეგმები.
2026 წლის 26 ივლისს, კვირას, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ფილადელფიის სამღვდელმთავრო რეზიდენციის ეზოში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოქმედი ქართული სამრევლოების მოძღვრებსა და მრევლს უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარი მიზანი სასულიერო პირებისა და მრევლის წევრთა დაახლოება, ურთიერთობის გაღრმავება და ეპარქიისა და სამრევლოების წინაშე არსებული ადმინისტრაციული, ლიტურგიკული, ეკლესიოლოგიური, ლოჯისტიკური, პასტორალური და ბიოეთიკური საკითხების განხილვა იყო.
შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეპისკოპოსმა საბამ, რომელმაც მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი მსჯელობა ეკლესიური ცხოვრების კიდევ უფრო გამტკიცებას უწყობს ხელს. მოგვიანებით სიტყვა სამრევლოების წარმომადგენლებს გადაეცათ, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ხედვები და წინადადებები დამსწრეებს გაუზიარეს.
შეხვედრის ფარგლებში მოხსენებებით ასევე გამოვიდნენ ქართული სამრევლოების მოძღვრები. ეპარქიის მდივანმა კი დამსწრე საზოგადოებას გააცნო ეპარქიის ახალი წესდების ძირითადი დებულებები და საეკლესიო ქორწინებასთან დაკავშირებული მოქმედი ეპარქიული რეგულაციები.
ღონისძიების დასასრულს ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის ქართულმა სამრევლომ სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით უმასპინძლა, რამაც შეხვედრას განსაკუთრებული სითბო და ძმური ერთობის ატმოსფერო შესძინა.
ეპისკოპოსმა საბამ აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მისი გადაწყვეტილებით, მომდევნო შეკრება აგვისტოში ნიუ-ჯერსის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქართულ სამრევლოში გაიმართება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქია ეპისკოპოს საბას დაბადებისა და ეპისკოპოსად ქიროტონიის დღეს ულოცავს.