მანჰეტენის ქართულმა სამრევლომ CrossRoad Institute-ის სტუდენტებს უმასპინძლა
ჩრდილოეთ
ამერიკის ეპისკოპოს საბას ლოცვა-კურთხევით გამართულ შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, ქართულ საეკლესიო გალობასა და მანჰეტენის ქართული სამრევლოს მისიას.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას ლოცვა-კურთხევით, მანჰეტენის წმინდა მარიამ ეგვიპტელის სახელობის ქართული სამრევლო უკვე მეორე წელია მასპინძლობს CrossRoad Institute-ის მართლმადიდებელ სტუდენტებსა და ფასილიტატორებს. პროგრამის მონაწილეები ნიუ-იორკში აშშ-ის 20-ზე მეტი შტატიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულნი.
ვიზიტის ფარგლებში სამრევლოს მოძღვრებმა ინგლისურ ენაზე დოქსოლოგიის მსახურება აღასრულეს. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მანჰეტენის ქართული სამრევლოს გუნდის მიერ შესრულებული ქართული საეკლესიო საგალობლები, რითაც ისინი ქართული მართლმადიდებლური ტრადიციის მდიდარ მუსიკალურ მემკვიდრეობას გაეცნენ.
შეხვედრის დროს სამრევლოს მოძღვრებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, მისი მრავალსაუკუნოვანი სულიერი მემკვიდრეობა, ასევე დეტალურად ისაუბრეს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიისა და მანჰეტენის ქართული სამრევლოს ისტორიაზე, მისიასა და მრავალეთნიკურ გარემოში მსახურების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
ვიზიტი ხორციელდება აშშ-ის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეის კურთხევითა და მანჰეტენის სამრევლოთაშორისი ასოციაციის ხელმძღვანელობით.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მართლმადიდებელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციების გაცნობას და ქრისტეში ერთობის განმტკიცებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქია ეპისკოპოს საბას დაბადებისა და ეპისკოპოსად ქიროტონიის დღეს ულოცავს.