17 ივლისს ეკლესია ღირს მართას - სვიმეონ მესვეტის დედას მოიხსენებს
551 წელს, გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე, ანგელოზებმა მართას ამქვეყნიდან განსვლის ჟამი ამცნეს და მისთვის და მისი ვაჟისთვის განმზადებული დიდების შესახებ აუწყეს.
წმინდა დედა ანტიოქიაში IV საუკუნეში დაიბადა, სიყმაწვილიდანვე უქორწინებლობა სურდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იოანე ღვთისმეტყველი გამოეცხადა და აუწყა, - ღვთის რჩეული ჭურჭელი უნდა შვაო, - მშობელთა ნებას დაჰყვა და ედესელ იოანეს გაჰყვა ცოლად.
მეუღლე იმ მიწისძვრას ემსხვერპლა, რომელმაც ანტიოქიის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა.
როდესაც სვიმეონი საკვირველ მთაზე წარვიდა, მართა დაფნში დაფუძნდა და ხშირად ნახულობდა შვილს, ხშირად დადიოდა ტაძარში, განთიადიდან ვიდრე მიმწუხრამდე ლოცვად იდგა, უხვად გასცემდა მოწყალებას, მწირთ სიყვარულით ხვდებოდა და ფეხებს ბანდა, მშიერთ - აპურებდა, შიშველთ - მოსავდა, იმათ კი, ვისაც ნათლობისთვის კვართის საყიდელი ფული არ გააჩნდა, თავად ჩუქნიდა კვართებს, უპოვართ კი იმ სამოსს უწყალობებდა ხოლმე, რაიც დასამარხად იყო საჭირო.
იმ დღეს, ოდეს ნეტარი სვიმეონი სვეტზე აღვიდა (551 წელს), მართა ჯვრით ხელში უძღოდა პროცესიას და გალობდა. შემდგომ კი მრავალგზის გამოსთხოვა შვილს შავი ჭირის თუ სხვა უბედურებათა ჟამს ლოცვა განსაცდელში მყოფთათვის.
551 წელს, გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე, ანგელოზებმა მართას ამქვეყნიდან განსვლის ჟამი ამცნეს და მისთვის და მისი ვაჟისთვის განმზადებული დიდების შესახებ აუწყეს.
ანდერძად დაიბარა, - დაფნში იმ ადგილას დამმარხეთ, სადაც მოგზაურნი განისვენებენო. ამ ამბებამდე მცირე ხნით ადრე იქ წმინდა თომა ემესელი (ხსენება 18 ნოემბერს) მიაბარეს მიწას.
ნეტარმა სვიმეონმა დედის უხრწნელი სხეული საკვირველ მთაზე გადააბრძანებინა და იქ დამარხა.
ნეტარი დედის წმინდა ნაწილთა გადაბრძანებას უამრავი სასწაული სდევდა თან.
მოგვიანებით სწორედ დედის გვერდით დაიკრძალა ნეტარი სვიმეონიც.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 17 ივლისს ეკლესია წმინდა ანდრიას, კრიტელი მთავარეპისკოპოსს მოიხსენებს.