პატრიარქი: „თუ ადამიანი ინათლება რწმენითა და სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას“

2824
08 ივნისი 13:37
20
საქართველოს პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: მჟკ საქართველოს პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: მჟკ

საყოველთაო ნათლობის შემდეგ პატრიარქმა ნათლობის საიდუმლოს, ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელობასა და ღვთის მცნებებით ცხოვრების აუცილებლობაზე იქადაგა.

7 ივნისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 73-ე საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა ისაუბრა ნათლობის უდიდეს მნიშვნელობაზე, მის სულიერ არსსა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ქრისტიანს ნათლისღების მიღების შემდეგ ეკისრება.

პატრიარქი: „თუ ადამიანი ინათლება რწმენითა და სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას“ - სურათი 1

ქადაგების დასაწყისში შიო III-მ მორწმუნეებს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ წლევანდელი დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა, რადგან იგი საყოველთაო ნათლობას დაემთხვა.

„განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღეს კიდევ ერთხელ ჩვენი ბავშვების მონათვლას, თქვენი შვილების, თქვენი ნათლულების მონათვლას და მადლობას ვწირავ უფალს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავაგრძელოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობები, რომელთაც ამდენი სიხარული და სიკეთე მოჰგვარა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ნათლობის საიდუმლოზე და გაიხსენა მაცხოვრის საუბარი ნიკოდიმოსთან, როდესაც უფალმა ბრძანა: „თუ ადამიანი არ იშვება წყლისა და სულისგან, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში“.

მისი თქმით, ნათლობა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს და ღვთის სასუფევლისკენ მიმავალი გზა გაიხსნას.

„რა ხდება ამ დიდი საიდუმლოების დროს? – სულიწმინდის მადლით ადამიანის სული უხილავად განიბანება და განიწმინდება. როდესაც ის ემბაზში ჩადის, კვდება ცოდვილი კაცი, ძველი კაცი, ხოლო როდესაც ემბაზიდან გამოდის, ეს არის უკვე ახალი ადამიანი, შობილი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის, განწმენდილი, განბანილი, შობილი ქრისტესგან“, – ბრძანა შიო III-მ.

პატრიარქი: „თუ ადამიანი ინათლება რწმენითა და სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას“ - სურათი 2

პატრიარქის განმარტებით, ნათლისღებისას ადამიანს მიეტევება როგორც პირველქმნილი, ასევე პირადი ცოდვები და მის სულში თავად უფალი მკვიდრდება.

ქადაგების ერთ-ერთ მთავარ ნაწილში შიო III-მ განმარტა ეკლესიის ცნობილი საგალობლის – „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“ – სულიერი მნიშვნელობა.

„ქრისტეს შემოსვა, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ იმას ნიშნავს, რომ უფალი შემოდის ადამიანის სულში. ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს ქრისტეს შემოსვა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ამასთან, მან მორწმუნეებს შეახსენა, რომ ნათლობის მიღება მხოლოდ დასაწყისია და ქრისტიანული ცხოვრება მუდმივ სულიერ ბრძოლასა და ღვთის მცნებების დაცვას მოითხოვს.

„ნათლობის შემდეგ თუ ადამიანი არ იცხოვრებს ქრისტიანულად, თუ ყოველგვარი ცოდვებით შეურაცხყოფს უფალს და სინანულით არ განწმენდს თავის სულს, მაშინ ის შეიძლება გახდეს მოუნათლავზე უარესი“, – განაცხადა შიო III-მ და წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებიც გაიხსენა: „თქვენ გამო ღმერთი იგმობა წარმართთა შორის“.

პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ნათლისღების მადლი.

„იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, როგორც ის გვთხოვს და არა ისე, როგორც გვეუბნება ჩვენი დაცემული, ყალბი გონება და ცოდვებით დაზიანებული გული“, – ბრძანა მან.

მისივე თქმით, ადამიანის დაცემული ბუნება ხშირად უბიძგებს მას, საკუთარი სურვილებით იხელმძღვანელოს, თუმცა ქრისტიანის გზა ღვთის ნების აღსრულებაში მდგომარეობს.

„ღმერთს რა სურს ჩვენგან? – რომ სასუფეველში შეგვიყვანოს. ამიტომ უფალი გვთხოვს, ვიცხოვროთ ისე, როგორც მან მიგვითითა, როგორც მან გვასწავლა. ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს“, – აღნიშნა შიო III-მ.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ილოცა, რომ უფალმა ყოველი ადამიანი ღირსი გახადოს ღვთის სასუფევლის დამკვიდრებისა და ცხონებისა.

73-ე საყოველთაო ნათლობა სამების საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა. ტრადიცია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააფუძნა, უკვე მრავალი წელია გრძელდება და ათასობით ბავშვს აერთიანებს ეკლესიის წიაღში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საპატრიარქო ტაძარში 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ