სამების საპატრიარქო ტაძარში 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
პატრიარქი შიო III მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ტრადიციას გააგრძელებს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დაამკვიდრა.
7 ივნისს, კვირას, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. ნათლობის საიდუმლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აღასრულებს.
საყოველთაო ნათლობა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ტრადიციაა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დაამკვიდრა. ამ ინიციატივის ფარგლებში პატრიარქი მესამე და მომდევნო შვილების ნათლია ხდება, რაც ქვეყანაში მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერასა და ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებას ემსახურება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კაშირი ორთაჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაესაუბრა მცირეწლოვან მრევლს, ალექსანდრე მაისურაძეს. ალექსანდრეს თქმით პატრიარქის ნათლულების სიას დღეს მისი პატარა ძმაც შეემატება.
აღსანიშნავია, რომ ეს კეთილშობილი ტრადიცია დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით გრძელდება. 73-ე საყოველთაო ნათლობაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე იქნება იმ ოჯახებისთვის, რომელთა შვილებიც საქართველოს ეკლესიის წიაღში მოინათლებიან და პატრიარქის ნათლულთა დიდ ოჯახს შეუერთდებიან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტარდება.