ახალი ბანას კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ილიას განათლების ფესტივალი 2026“-ს უმასპინძლებს

2824
30 მაისი 14:36
24
ახალი ბანას გუნდი ახალი ბანას გუნდი

7 ივნისს ხაშურში აბიტურიენტებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობები ელოდება.

ახალი ბანას კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი 7 ივნისს „ილიას განათლების ფესტივალი 2026“-ს უმასპინძლებს. ღონისძიება ცენტრის ინიციატივითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართება და მიზნად ისახავს განათლების, მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.

ფესტივალი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. ღონისძიება ხაშურში, ახალ ბანაზე, 14:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ჰუმანოიდ რობოტ „ატომთან“ ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აგრძელებს საგანმანათლებლო-შემეცნებით მოგზაურობას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაჩერება სწორედ ახალი ბანაა.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მრავალფეროვან სამეცნიერო, შემეცნებითა და გასართობ აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებსა და შეჯიბრებებში, ასევე მოიგონ საინტერესო პრიზები და საჩუქრები.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება ღია შეხვედრა თემაზე – „როგორ ავირჩიო მომავალი პროფესია“, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას პროფესიული არჩევანის, საუნივერსიტეტო ცხოვრების, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებისა და განათლების შესაძლებლობების შესახებ.

ღია შეხვედრის მომხსენებლები იქნებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით თემურ სტეფანია და უნივერსიტეტის პროფესორი ბიო-სამედიცინო მიმართულებით იაგორ კალანდაძე.

ფესტივალის ფარგლებში 14:00 საათიდან სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში დამთვალიერებლებს სხვადასხვა თემატური კარავი და ინტერაქციული ლაბორატორიები დახვდებათ.

ქიმიური ბიოლოგიის სივრცეში მონაწილეები გაეცნობიან დნმ-ის გამოყოფის პროცესს, ცილის განსაზღვრის მეთოდებს, ჩაატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს, დააკვირდებიან სხვადასხვა ნიმუშს მიკროსკოპით და გაეცნობიან ქრომატოგრაფიის საფუძვლებს.

თანამედროვე ტექნოლოგიების კარავში დამსწრეები შეხვდებიან ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ „ატომს“, შეძლებენ მასთან ინტერაქციას და მიიღებენ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ.

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სივრცე დამთვალიერებლებს გააცნობს მიწისძვრების, მეწყრებისა და სხვა გეოლოგიური პროცესების გამომწვევ მიზეზებს. წარმოდგენილი იქნება მინერალების კოლექციები, სეისმური მონაცემების პირდაპირი ტრანსლაცია და გეოფიზიკური კვლევების პრაქტიკული მაგალითები.

ასტროფიზიკის სივრცეში ვიზიტორები ტელესკოპის მეშვეობით მზესა და სხვა ციურ სხეულებს დააკვირდებიან, ხოლო ილიაუნის პლანეტარიუმი მათ სამყაროს წარმოშობის, მზის სისტემის, ვარსკვლავების ევოლუციისა და გალაქტიკების შესახებ საინტერესო მოგზაურობას შესთავაზებს.

ეკოლოგიის კარავში წარმოდგენილი იქნება ინტერაქტიული აქტივობები, რომლებიც დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს მიკროსკოპის საშუალებით შეისწავლონ მცენარეები, მწერები და სხვა ორგანიზმები, ასევე გაეცნონ მათი არსებობისა და განვითარების თავისებურებებს.

ზოოლოგიის სივრცეში ყურადღება გამახვილდება ექსტრემალურ გარემოში მცხოვრებ ორგანიზმებზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლების მნიშვნელობასა და საქართველოს უნიკალურ მღვიმეებზე, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

სამოქალაქო ინჟინერიის კარავში მონაწილეები გაეცნობიან ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და მშენებლობის პრინციპებს, კონსტრუქციების მდგრადობასა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით მათ შესაძლებლობა ექნებათ თავად გამოსცადონ სხვადასხვა კონსტრუქციის სიმტკიცე და ეფექტიანობა.

კომპიუტერული მეცნიერებისა და კომპიუტერული ინჟინერიის სივრცეში ილიაუნის სტუდენტები საკუთარ ტექნოლოგიურ პროექტებს წარადგენენ, გააცნობენ დამსწრეებს მიკროსქემების დიზაინის პროცესს და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტებს. ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კონკურსში მონაწილე საბრძოლო რობოტები (BattleBots).

„ილიას განათლების ფესტივალი 2026“ კიდევ ერთხელ აერთიანებს მეცნიერებას, განათლებასა და ინოვაციებს, რათა ახალგაზრდებსა და საზოგადოების ფართო წრეებს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების სამყაროსთან დაახლოების შესაძლებლობა მისცეს. ღონისძიება ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის მფარველად ითვლება დავით გარეჯელი, - დეკანოზი ლევან ტუძილაძე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ