თბილისის მფარველად ითვლება დავით გარეჯელი, - დეკანოზი ლევან ტუძილაძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პარაკლისს არავლენს დავით გარეჯის მონასტერში.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღე (ანუ მამადავითობა) არის მოძრავი დღესასწაული და აღინიშნება ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს.
განსაკუთრებული ლიტურგია ტარდება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დაკრძალულია თავად წმინდანი.
დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფება დეკანოზი ლევან ტუძილაძე, რომელმაც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან საუბრისას ამ დღესასწაულის მნიშვნელობას და მადლს გაუსვა ხაზი:
,,ქართველი ერის ყველაზე დიდი წმინდანები არიან, მოციქულთა სწორები, რომელთა ლოცვამაც, ღვაწლმაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია და სარწმუნოება გადაარჩინა. დავით გარეჯელის ხსენება არის ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს. დავით გარეჯელის დიდი ლოცვით და ღვაწლით, სავანეები, რომლებიც მან დააფუძნა, ასევე მისმა მოწაფეებმა, დღესაც არის გარეჯში.
აქ 6 ათასი ბერი აწამა შაჰ აბასმა აღდგომა დღეს. გარეჯის უდაბნო ადრე იყო აყვავებული. მის მერე რაც შაჰ აბასმა გადაწვა, გახდა უდაბნო.
დავით გარეჯელის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მან პირველმა შემოიტანა საქართველოში იერუსალიმური საღვთისმსახურო და მონასტრული ცხოვრების წესი. ის იყო იერუსალიმში სადაც შეხვდა ბერებს , საბაწმინდის ლავრის ბერებს და იქიდან წამოღებული ღვთისმსახურება დაინერგა საქართველოში. ჩვენი ეკლესია იერუსალიმურს უკავშირდება, თუ რამე არსებობს ქართულში: ღვთისმსახურება, ლიტურგია, მონასტრული ცხოვრების წესი.
ღირს მამა დავითს მერაბ კოსტავამ უძღვნა უდიდესი პოემა: ,,ღირს მამა დავითს''. სადაც არის გამოხატული დიდი თავყვანისცემა და პატივისცემა. ყველაზე დიდი ქართველი მამულიშვილები განისვენებენ მამა დავითის ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში, მამა დავითი არის მათი მფარველი.
თბილისის მფარველად ითვლება მამა დავითი აბო ტფილელთან ერთად.''
დღეს დავით გარეჯის მონასტერში შეკრებილია სასულიერო პირები, მღვდელმთავრები და მრევლი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 28 მაისს ღირს დავით გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს.