მართლმადიდებელი ეკლესია 28 მაისს ღირს დავით გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს
ასურელი მამათაგანი წმინდანი VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული ცხოვრების განმტკიცებისთვის მოღვაწეობდა და გარეჯის უდაბნოში მონასტრული ცხოვრება დააფუძნა.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 28 მაისს ღირს მამა დავით გარეჯელს მოიხსენებს — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანს, რომლის სახელსაც უკავშირდება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაარსება და საქართველოში მონასტრული ცხოვრების გაძლიერება.
გადმოცემის მიხედვით, დავით გარეჯელმა გარეჯის მრავალმთის სანახებში დააარსა მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარიც თავად იყო. წმინდანი დავითის ლავრის მთავარ ტაძარშია დაკრძალული.
საეკლესიო ისტორიის თანახმად, დავით გარეჯელი იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე იყო. როდესაც იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, მათ მცხეთის სიწმინდეები მოილოცეს და ზედაზნის მთაზე დამკვიდრდნენ. მოგვიანებით, იოანემ მოწაფეები სხვადასხვა მხარეში გაგზავნა ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად.
დავით გარეჯელი თავის სულიერ შვილ ლუკიანესთან ერთად თავდაპირველად თბილისის დასავლეთით, მცირე გამოქვაბულში დასახლდა. იმ პერიოდში თბილისი ცეცხლთაყვანისმცემელთა გავლენის ქვეშ იყო, თუმცა წმინდა მამის ქადაგებამ და მოღვაწეობამ მრავალი ადამიანი ქრისტიანობაზე მოაქცია.
საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, დავით გარეჯლის წინააღმდეგ ცილისწამება მოაწყვეს — მეძავ ქალს დააბრალებინეს, თითქოს იგი წმინდანისგან იყო ორსულად. მაშინ მამა დავითმა ქალის მუცელს კვერთხი შეახო და ჩვილს უბრძანა ეთქვა სიმართლე. სასწაულებრივად ჩვილმა განაცხადა, რომ მისი მამა სხვა ადამიანი იყო. აღნიშნული მოვლენა ქაშვეთის ეკლესიის დაარსებას უკავშირდება.
შემდგომ დავით გარეჯელმა თბილისი დატოვა და ყარაიას ველის უდაბნოში დამკვიდრდა, სადაც ლუკიანესთან ერთად მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას შეუდგა. გადმოცემით, მათ საკვებად ხშირად ირმის რძე ჰქონდათ, რასაც მოგვიანებით მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქართულ საეკლესიო ხელოვნებასა და იკონოგრაფიაში.
დღეს დავითგარეჯა საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ და კულტურულ ცენტრად მიიჩნევა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მნიშვნელობა.