მიტროპოლიტ შიოს სიტყვა გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნის წინ

2824
15 მაისი 12:21
22
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო

დღეს ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში განსაკუთრებული მისიით შეგვკრიბა უფალმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის XIV გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნის წინ
ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო,
ღირსნო და პატიოსანნო მამანო, დედანო,
პატივცემულო დელეგატებო,
მოწვეულო სტუმრებო,
ძვირფასო ძმებო და დებო!
დღეს ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში განსაკუთრებული მისიით შეგვკრიბა უფალმა.


საუკუნეების წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობით დაიწყო ჩვენი ეკლესიის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. წმინდა მოციქულების, ანდრია პირველწოდებულის და სიმონ კანანელის, ქადაგებით განათლებულმა ერმა პირველ საუკუნეშივე შეძლო ქრისტეს ნათელთან ზიარება. მოგვიანებით კი მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჟამოდ დაიმარხა გულში მაცხოვრის რწმენა, როგორც ქართველი ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
1700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა.
ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიისა და ერის ისტორია, ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე-დედოფლები ქრისტეს ერთგული მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოების.
ჩვენი ეკლესიის მნათობთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს იმ სასულიერო პირთა ღვაწლი, რომელთა მსახურებაც, ქრისტეს რწმენის ერთგულებასთან ერთად, ქვეყნის ერთგულებას, სახელმწიფოებრიობის სიმტკიცესა და შენარჩუნებას ემსახურებოდა.
დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებითა და სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს, მათ შორის, წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, XX საუკუნეში მოღვაწე სხვა ღირსეულ კათოლიკოს-პატრიარქებს: ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ III-ს, ეფრემ II-ს, დავით V-ს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სულიერ მამას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.
40 დღეზე მეტმა განვლო მისი გარდაცვალებიდან. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, მწყემსმთავრისა, რომელიც მთელი თავისი ღვაწლით, დიდი სიყვარულითა და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა.
მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო და მისი მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია.
ძნელია მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა: ხალხთან ღვთის სიტყვის მიტანა და მისიონერობა, საეკლესიო და სამონაზვნო ცხოვრების, ღვთისმსახურების და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, საეკლესიო-ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობის და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი და სხვ.
სწორედ ამგვარად აღიბეჭდა მისი ცხოვრება და ნახევარსაუკუნოვანი დაუღალავი საპატრიარქო მსახურება ჩვენს მეხსიერებაში.
მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი.
დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი, სრულად ვართ მინდობილი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი.
რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილებისა და ღვთივგამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე, მაგრამ, ამავდროულად, ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციებისა და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობითა და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას.
„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“ (ფსალ. 28. 11), ამინ!
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის XIV საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იშვიათია წმინდანი წელიწადში სამჯერ იხსენიებოდეს, - მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ