17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში ყოველი წლის 17 მაისს აღინიშნება. იგი 2014 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით დაარსდა და ოფიციალურ სახელმწიფო უქმე დღეს წარმოადგენს.
2026 წლის 17 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.
პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში შეკრებილი მღვდელმსახურები და მრევლი პატრიარქს ინტრონიზაციას ულოცავს.