მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი სინოდის წევრებს მიმართავს
ეპისკოპოსი საჯარო განცხადებაში ერთსულოვნების, თავისუფალი არჩევანისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესებს და მღვდელმთავრებს ერთსულოვნებისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდა.
ეპისკოპოსის განცხადებით:
,,მინდა გამოვეხმაურო ჩემს ქრისტესმიერ უფროს ძმას,ღრმად პატივცემულ მღვდელმთავარს,რომლის მიმართაც ნამდვილად გამაჩნია დიდი პატივისცემა მისი მრავალი ღირსებისა გამო. რადგანაც სიტყვა საჯაროდ ითქვა,მეც შევბედავ და თუ კი კადნიერებაში არ ჩამომართმევს,მივმართავ მას.“
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საჯაროდ თქმული სიტყვების სწორი გაგება და შეფასება. ეპისკოპოსი აღნიშნავს:
„ძველი ქართული-ხალხური სიბრძნე ამბობს - “ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.”მხედველობაში მაქვს ასევე პატივცემული და ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის,მიტროპოლიტ იობის სიტყვა ღვთივგანსვენებული პატრიარქის ღვაწლის შესახებ,სადაც ციტატა გააგრძელა სიტყვებით,რომ “ დასრულდა ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. “ ამით მან ხაზი გაუსვა პატრიარქის ეპოქალურ პიროვნებას და მისი მოღვაწეობის პერიოდს თავისი განსაკუთრებული სახით.(აქვე შეგახსენებთ სიტყვა “ეპოქის” მნიშვნელობას : ეს ნიშნავს დროის შედარებით დიდ მონაკვეთს,რომელიც გამორჩევა თავისი მნიშვნელოვანი ნიშნით - ისტორიული მოვლენებით,კულტურით,მეცნიერებით და საზოგადოებრივი ცვლილებებით.)“
ეპისკოპოსი გიორგი ხაზს უსვამს, რომ მედიის მხრიდან მოხდა მიტროპოლიტ იობის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია:
„სამწუხაროდ,როგორც ხშირად ჩვევია მასმედიას,მეუფის სიტყვა კონტექსტიდან იქნა ამოჭრილი.ამიტომ,კეთილგონივრული იქნებოდა,სანამ ძმას განვსჯიდეთ,გულისყურით მოგვესმინა.“
ამასთან, იგი მიუღებლად მიიჩნევს ზეწოლას ეკლესიის წევრებზე:
„ასევე,მიუღებელია დაემუქრო “მომავალში სინანულით და სასჯელით” შენს ძმებს,თუ ისინი ხმას არ მისცემენ ჩემთვის ასევე ღრმად პატივცემულ და ქრისტესმიერ ძმას - მოსაყდრეს. ამას მივიჩნევ,როგორც ერთგვარ ზეწოლას და სუბიექტური აზრების თავს მოხვევას სინოდის წევრებზე.“
ეპისკოპოსი გიორგი ასევე გამოეხმაურა პატრიარქის შესაძლო მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას:
„გაჟღერდა,რომ თითქოს პატრიარქი საუბრობდა პირდაპირი მემკვიდრის შესახებ,რის თაობაზეც არაფერი იცოდა მინიმუმ 35-მა მღვდელმთავარმა.“
მისი თქმით, საქართველოს პატრიარქი მღვდელმთავრებს თავისუფალ არჩევანს უტოვებდა:
„მის უწმინდესობას,ღვთივგანსვენებულ პატრიარქს ყველა მღვდელმთავრის მიმართ ჰქონდა სულიერი მამა-შვილური ურთიერთობა და იმხელა დამსახურება და ამაგი,რომ არაოფიციალურ გარემოში შეეძლო ჩვენი შეკრება და მისი პირადი სურვილის განდობა,მაგრამ ღვთივგანსვენებული ჩვენი პატრიარქი ასე არ მოიქცა,რადგან ჩვენგან განსხვავებით ღმერთზე მეტად მინდობა ჰქონდა და ღვთივსულიერ კანონებში ღრმად განსწავლულმა მის სულიერ შვილებს - მღვდელმთავართა კრებას თავისუფალი არჩევანი დაუტოვა.“
განცხადების ბოლოს ეპისკოპოსი ერთობასა და სიყვარულს უსვამს ხაზს:
„დაე,უფალმა მოგვცეს გული გონიერი,რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს სიყვარული,თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება.ამინ!”
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იერუსალიმში უჩვეულო ვითარებამ ქალაქის ყოველდღიურობა შეცვალა.