რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე IV–VI საუკუნეების კოლექტიური სამარხები აღმოაჩინეს
არქეოლოგიური აღმოჩენა ადასტურებს, რომ ძველი რუსთავი მტკვრის ორივე სანაპიროზე იყო გაშენებული.
რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ისტორიული მნიშვნელობის სამარხები აღმოაჩინეს, არქეოლოგებმა აქტიური კვლევითი სამუშაოები დაიწყეს. ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.
ქალაქის მუზეუმის ხელმძღვანელის, ნაზი პაჭიკაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე აღმოჩენილია 11 სამარხი, რომელთაგან ერთის ზედა ფენები უკვე გახსნილია, ხოლო კიდევ ერთში შვიდი ინდივიდის დაკრძალვაა დადასტურებული. მისი განმარტებით, აღნიშნული სამარხები კოლექტიური ტიპისაა და საუკუნეების წინ ერთ ოჯახში შემავალ ადამიანებს ერთსა და იმავე სამარხში კრძალავდნენ.
პაჭიკაშვილის თქმით, მსგავსი კოლექტიური სამარხები რუსთავის სხვადასხვა ტერიტორიაზეც არის აღმოჩენილი, თუმცა სანაპიროს ქუჩაზე არსებული აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ ისტორიული ქალაქი მხოლოდ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არ იყო განლაგებული და დასახლება მარჯვენა სანაპიროზეც ვრცელდებოდა.
„სამარხები აღნაგობისა და ტიპოლოგიის მიხედვით თარიღდება IV–V საუკუნეებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათგანი VI საუკუნესაც მიეკუთვნებოდეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება. როგორც წესი, ასეთი სამარხები ეკუთვნოდა რიგით რუსთაველ მოქალაქეებს, რომელთა დიდი ნაწილი ვაჭარ-ხელოსანთა ფენას წარმოადგენდა. ეს არ იყო ღატაკი მოსახლეობა, კოლექტიური სამარხის აშენება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვდა — ისინი ქვიშაქვის ფილებისგან არის დამზადებული, რომელთა მოჭრა, დამუშავება, ტრანსპორტირება და ადგილზე ამოშენება საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესი იყო,“ — განაცხადა ნაზი პაჭიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მცირე პერიმეტრზე ერთდროულად 11 სამარხის აღმოჩენა ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ მეტი სამარხი იყოს და კვლევის გაგრძელების შედეგად ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებიც გამოვლინდეს.
არქეოლოგიური სამუშაოები ამჟამად გრძელდება და სპეციალისტები დამატებითი დეტალების დაზუსტებაზე მუშაობენ, რაც ქალაქ რუსთავის უძველესი ისტორიის უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერი დაარსდა.