ბათუმში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერი დაარსდა
მონასტერი ბათუმის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გაიხსნა და აქ ყოველდღიური საღვთო ლიტურგია აღესრულება.
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერი დაარსდა.
ახლადდაარსებული მონასტერი ეპარქიის სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა. აქ ყოველდღიურად აღესრულება საღვთო ლიტურგია, რომელსაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურები აღასრულებენ.
მონასტრის დაარსება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეპარქიის სულიერი გაძლიერებისა და სამონასტრო ცხოვრების განვითარების მიმართულებით. იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტერი მრევლს შესაძლებლობას მისცემს ყოველდღიურად დაესწროს ღვთისმსახურებას და ერთობლივ ლოცვაში მიიღოს მონაწილეობა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი აღავლინა.