პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში მოსწავლეები დეკანოზ იაკობ ქარდავას შეხვდნენ
„მოძღვრის საათი“ რიყის საჯარო სკოლაში – შეხვედრა მოძღვართან და ღირებულებითი განათლების მნიშვნელობა.
2026 წლის 13 თებერვალს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, გაიმართა საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში მოქმედი კლუბის მონაწილეობით.
ღონისძიებას მასპინძლობდა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის საჯარო სკოლა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდები და პედაგოგები.
შეხვედრას უძღვებოდა რიყის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იაკობ ქარდავა. მან ისაუბრა ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზე, ოჯახის სიწმინდეზე, ქართულ ტრადიციებზე, ქრისტიანული სარწმუნოების არსსა და მარხვის სულიერ მნიშვნელობაზე. მოძღვარმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ზნეობრივ აღზრდაზე, პასუხისმგებლობის გრძნობასა და საზოგადოების წინაშე მათი როლის გააზრებაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი გიორგი ფიფია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ რიყის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბატონი გიორგი ჯოჯუა.
საერო საზოგადოების ხელმძღვანელმა პირებმა მამა იაკობთან ერთად მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს. მათ ისაუბრეს განათლების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა გიორგი ფიფიამ სკოლის დირექტორს, ბატონ ეროსტი ლიპარტიას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეკლესიისა და საგანმანათლებლო სივრცის თანამშრომლობის მნიშვნელობას ახალგაზრდების სულიერი და ზნეობრივი განვითარების საქმეში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამი დიდი მღვდელთმთავრის ხსენების დღე კეხიჯვარში აღინიშნება.