12 თებერვალი სამი დიდი მღვდელმთავრის კრების დღეა
ეკლესია ერთ დღეს მოიხსენიებს ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველსა და იოანე ოქროპირს – თანასწორთ უფლის წინაშე და ეკლესიის ერთობის სიმბოლოდ.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 12 თებერვალს მოიხსენიებს მსოფლიოს დიდ მოძღვართა და მღვდელმთავართა – ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის – კრებას. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან იგი ეკლესიის ერთობისა და თანხმობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ისტორიული ცნობებით, კონსტანტინეპოლში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დავა იმის თაობაზე, თუ რომელ მღვდელმთავარს უნდა მინიჭებოდა უპირატესობა. ერთნი ბასილი დიდს (ხსენება – 1 იანვარი) აყენებდნენ სხვებზე მაღლა, მეორენი გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხსენება – 25 იანვარი) მიიჩნევდნენ აღმატებულად, ხოლო სხვები იოანე ოქროპირს (ხსენება – 13 ნოემბერი) ანიჭებდნენ პირველობას. ამ უთანხმოებამ ქრისტიანებს შორის განხეთქილებაც კი გამოიწვია.
ღვთის განგებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა კონსტანტინეპოლის მიტროპოლიტ იოანეს და აუწყეს, რომ ისინი თანასწორნი არიან უფლის წინაშე. მათვე უბრძანეს, ერთ დღეს დაწესებულიყო მათი საერთო ხსენება, რათა შეწყდეს დავა და განმტკიცდეს ეკლესიური ერთობა.
მას შემდეგ ეკლესიამ დააწესა სამი მღვდელმთავრის ერთობლივი ხსენება, რაც არა მხოლოდ მათი უდიდესი ღვაწლის აღიარებაა, არამედ მორწმუნეთათვის შეხსენებაც – ეკლესიის ძალა ერთობაშია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლამდიდებელი ეკლესია 11 თებერვალს წმიდა აშოტ დიდ კურაპალატს მოიხსენებს.