სამი დიდი მღვდელთმთავრის ხსენების დღე კეხიჯვარში აღინიშნება
მიტროპოლიტი იობი ღვთისმსახურებას აღასრულებს სამი წმინდანის სახელობის ტაძარში.
12 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს სამი დიდი მღვდელთმთავრის — წმინდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეს. ამ მნიშვნელოვან საეკლესიო თარიღთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) საზეიმო ღვთისმსახურებას აღასრულებს სოფელ კეხიჯვარში, ამავე წმინდანების სახელობის ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება და მას დაესწრებიან ადგილობრივი სამღვდელოება და მრევლი. სამი მღვდელთმთავარი ეკლესიის უდიდეს მამებად და მოძღვრებად მიიჩნევიან. მათი საღვთისმეტყველო ნაშრომები და ქადაგებები დღემდე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკლესიის სწავლებასა და სულიერ ცხოვრებაზე.
წმინდა ბასილი დიდი ცნობილია თავისი ასკეტური და სოციალური მოღვაწეობით, გრიგოლ ღმრთისმეტყველი — ღრმა საღვთისმეტყველო სწავლებებით, ხოლო იოანე ოქროპირი — მჭევრმეტყველური ქადაგებებითა და სამართლიანობისთვის თავდადებული ბრძოლით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლამდიდებელი ეკლესია 11 თებერვალს წმიდა აშოტ დიდ კურაპალატს მოიხსენებს.