საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს
9 თებერვალს ეკლესია კომანიდან კონსტანტინეპოლში მსოფლიო მოძღვრის სიწმინდის გადასვენებას მოიხსენიებს.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 თებერვალს მოიხსენებს წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანებას კომანიდან კონსტანტინეპოლში (438 წ.)
მსოფლიო ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მოძღვარი, წმინდა იოანე ოქროპირი, 407 წელს გარდაიცვალა ქალაქ კომანში, გადასახლების გზაზე. მისი ცხოვრება ქრისტიანული ზნეობისა და ჭეშმარიტების შეუპოვარ დაცვას დაეთმო, რის გამოც მრავალი მტერი ჰყავდა. მათ შორის გამორჩეული იყო დედოფალი ევდოქსია, რომლის დაჟინებული მოთხოვნითაც წმინდა მღვდელმთავარი ჩამოაცილეს სამწყსოს.
იოანე ოქროპირის ნაადრევმა გარდაცვალებამ ღრმა მწუხარება მოჰგვარა ქრისტიანულ სამყაროს. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა პროკლემ იმპერატორ თეოდოსი II-ს მიმართა თხოვნით, წმინდა მამის ნაწილები დედაქალაქში გადმოესვენებინათ. თავდაპირველად მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა — სიწმინდის კუბოს დაძვრაც ვერ მოხერხდა. იმპერატორმა გააცნობიერა შეცდომა და წმინდა იოანე ოქროპირს ეპისტოლით მიმართა, რომელშიც დედისა და საკუთარი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. ეპისტოლის წაკითხვის შემდეგ კუბო შემსუბუქდა და მისი ასვენება შესაძლებელი გახდა.
438 წელს წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილები კომანიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს. ლუსკუმის გახსნისას წმინდანის ცხედარი უხრწნელი აღმოჩნდა. იმპერატორმა მუხლი მოიყარა და ცრემლებით ითხოვა შეწყალება. მოგვიანებით სიწმინდე წმინდა მოციქულთა ტაძარში გადაასვენეს, სადაც მრევლმა შესძახა: „მიიღე შენი ტახტი, მეუფე!“
გადმოცემის თანახმად, ამ დროს მღვდელმთავარმა ბაგეები გახსნა და წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა!“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეკლესია წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელს მოიხსენიებს.