მეზვერისა და ფარისევლის კვირა

2824
05 თებერვალი 15:32
44
მეზვერისა და ფარისევლის კვირა. ფოტო: ღია წყარო მეზვერისა და ფარისევლის კვირა. ფოტო: ღია წყარო

მარხვის აზრი: წესის დაცვიდან გულის განწმედამდე.

მეზვერისა და ფარისევლის კვირა გვამზადებს დიდი მარხვისთვის, ამასთან ერთად დიდ მარხვამდე ეს კვირეები გვამცნობს თუ როგორ უნდა მივიდეთ სწორად მარხვამდე, როგორ უნდა დავიცვათ სწორად მარხვა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანის ცხოვრება.

არა ერთხელ გვაქვს მოსმენილი ჩვენ მეზვერისა და ფარისევლის იგავი როგორც ის გვასწავლის:
ამ იგავში ფარისეველი განასახიერებს იმ კატეგორიის მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც სარწმუნოების ნორმებს ზედმიწევნით იცავენ, მაგრამ, რადგან ამის გამო „ოვაციებს“ ითხოვენ როგორც ღმერთისგან, ისე გარეშემომყოფთაგან და ქედ-მაღლურად მართლებად თვლიან საკუთარ თავს უფლის წინაშე (ესე იგი, როგორც ითქვა, თავის ცოდვილიანობას - იგივე სულიერ სიგლახაკეს ვერ ხედავენ), სინანულის გრძნობა არ აქვთ, რამაც ისინი შინაგანად უნდა განწმიდოს ცოდვათაგან და სულიერად განკურნებულები განამზადოს ღმრთის სასუფევლისთვის, ანუ სულიერად აცხოვნოს (გავიხსენოთ, ჩვენ ვეზიარებით „საკურნებლად სულისა და ხორცისა“, რითაც ვაღიარებთ, რომ ხორციელთან ერთად სულიერი განკირნებაც გვესაჭიროება, რაც მხოლოდ მონანიებით მიიღწევა, რომელიც აღხოცავს ჩვენს ცოდვებს, ანუ სულიერ სნეულებებს). ამის შედეგად მათი (ანუ საკუთარი თავის უფლის წინაშე „მართლებად“ მიმჩნევთა) მთელი სარწმუნოებრივი ღვაწლი წყალში იყრება, რადგან რა აზრი აქვს სარწმუნოების ნორმების გარეგნულ აღსრულებას, თუ ადამიანი სინანულის მეშვეობით შინაგანად არ განიწმიდება ცოდვებისაგან და სულიერად განკურნებული ღმრთის სასუფეველისთვის არ განემზადება, ანუ სულიერად არ ცხოვნდება, რაც ყოველი მორწმუნის უმაღლეს მიზანს წარმოადგენს.

მეზვერე კი, განასახიერებს იმ კატეგორიის მორწმუნე ადამიანებს, რომელნიც თავ-მდაბლობის მადლით თავიანთ ცოდვილიანობას, ანუ სულიერ სიგლახაკეს შეიცნობენ და, აქედან გამომდინარე, ფარისეველივით ქედ-ამაღლებულნი სხვის ცოდვებზე კი არ ესაუბრებიან ღმერთს, არამედ უფლის წინაშე ქედ-მოდრეკილნი მხოლოდ საკუთარი ცოდვების მონანიებას სთხოვენ მას: „ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას.”

საბოლოოდ რას ვხედავთ ჩვენ ამ იგავიდან? ბოლოს იესო ეუბნება თავის მოწაფეებს: „გარდამოვიდა ესე (მეზვერე) განმართლებული სახედ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“ (ლუკა: 18.14) - ესე იგი, იესოს სიტყვით თავისი ცოდვილიანობის (ანუ სულიერი სიგლახაკის) შემცნობი, გინა დამნახველი მეზვერე უფლის წინაშე განმართლებული გამოვიდა სალოცავიდან - ვიდრე თავისი ცოდვილიანობის (ანუ სულიერი სიგლახაკის) ვერ-შემცნობი „მ ა რ თ ა ლ ი“ ფარისეველი, და გარდაცვალების შემდეგაც ამქვეყნად თავისი თავის ამამაღლებელი - იქ დამდაბლდება, ხოლო ამქვეყნად თავისი თავის დამამდაბლებელი - იქ ამაღლდება (ეს არის სამყაროს მოწესრიგებული არსებობისათვის ღმერთის მიერ დადგენილი კიდევ ერთი მორალური ბალანსირებულობის კანონი), რასაც გამოხატავს უფლის პირველი ნეტარება: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (მათე: 5.3).

ღირსი მამების განმარტებით, „გლახაკნი სულითა“ არიან სწორედ ის ადამიანები, რომელნიც თავიანთ სულიერ სიგლახაკეს, ანუ ცოდვილიანობას აცნობიერებენ და ინანიებენ, რაც, როგორც ზემოთ ითქვა, ცათა სასუფეველის დამკვიდრების უმთავრესი აუცილებელი პირობაა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მათე: 4.17).]

ამ ფენომენს ამოწმებს კეთილგონიერი მონანიებული ავაზაკის ისტორია, რომელმაც ჯვარზედ ცმულმა შეიცნო თავისი ცოდვილიანობა (ანუ სულიერი სიგლახაკე), მოინანია თავისი შეცოდებები, უცოდველად და სამყაროს მეუფე ღმერთად აღიარა განკაცებული ძე-ღმერთი იესო ქრისტე და უაღრესი თავ-მდაბლობა გამოავლინა, რამეთუ ცათა სასუფევლისთვის უღირსად მიიჩნია საკუთარი პერსონა: „ჩვენ ს ა მ ა რ თ ლ ა დ ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების (სამართლიანად ვისჯებითო - ეუბნება თავის ამფსონს, ანუ ინანიებს ცოდვებს), ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა (აღიარებს იესო ქრისტეს უცოდველობას). და ეტყოდა იესუს: მომიხსენე მე, უ ფ ა ლ ო, ოდეს მოხვიდე ს უ ფ ე ვ ი თ ა შენითა (აღიარებს იესოს სამყაროს მ ე უ ფ ე დ და მის მეორედ მოსლვას, რომლის დროსაც იგი იქნება მსაჯული ყოვლიერებისა)“, რამაც მას პირველს დაამკვიდრებინა ღმრთის სასუფეველი, რაც თავად უფალმა იესომ განუცხადა: „ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლუკა: 23.39-43).

უაღრესი თავმდაბლობის ნიმუში გახლავთ დღეს მოხსენიებული ქრისტიანობის ერთერთი მძლავრი ბურჯი ღირსი მაკარი დიდი მეგვიპტელი, რომელსაც თანამედროვენი „სიცოცხლეშივე განღმრთობილს“ ეძახდნენ, რადგან იმდენად იყო განწმედილი ცოდვათაგან, რომ სერაფიმებს და ქერუბიმებს მასთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ დამყარებული და, ამავდროულად, მძვინვარე მტაცებელი ნადირები თვინიერები ხდებოდნენ მის წინაშე (ანუ თავისზე მაღალ და თავისზე მდაბალ არსებებთან თანაბრად შეეძლო ურთიერთობა, რაც ადამიანის განღმრთობის აშკარა ნიშანია და კოლაჟის ქვედა ხატზე არის გამოსახული); თავად კი, ყველაზე ცოდვილ ადამიანად მიაჩნდა თავი (თვალთმაქცურად კი არა, რელურად!) - და თვლიდა, რომ ერთი კეთილი საქმეც კი არ ჰქონდა გაკეთებული უფლის წინაშე, რაც მის მიერ შედგენილ ლოცვაში აქვს მოცემული, რომელსაც მორწმუნენი დილის ლოცვებში ვკითხულობთ: „ღმერთო განმწმიდე მე, ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა“ (ლოცვაი დიდისა მაკარისი).

ამავე დროს, წმიდანთა მიმსგავსებით ჩვენ აღვასრულებთ უფლის მცნებას: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს“ (მათე: 5.48), რადგან როგორც ვინმე ღირს მამას უთქვამს: წმიდანის მიმსგავსება - ღმერთს ამსგავსებს ადამიანს (პერიფრაზი), რაც მოწმდება პავლე მოციქული შეგონებით, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მისი მბაძავი - ქრისტეს მბაძავი შეიქმნება: „მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა“ (I კორინთელთა: 11.1).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ