ქართლის მოქცევიდან 1700 წლის იუბილეს ეროვნული არქივი გამოფენით აღნიშნავს

2824
28 იანვარი 19:35
10
ეროვნულ არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია „წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი“ გაიხსნა. ფოტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეროვნულ არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია „წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი“ გაიხსნა. ფოტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებული უნიკალური ფოტოები, ხელნაწერები და ისტორიული საბუთები.

2026 წლის 27 იანვარს, ქართლის მოქცევიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია „წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი“ გაიხსნა. გამოფენა ეძღვნება IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ თარიღს და წმინდა ნინოს გამორჩეულ ღვაწლს ქართველი ერის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში.

გამოფენა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს. მათ სიტყვით გამოსვლებში ხაზი გაესვა ქართლის გაქრისტიანების ეპოქალური მნიშვნელობასა და ეროვნული არქივის როლს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნული არქივის მიერ განხორციელებული ექსპედიციების ფარგლებში გადაღებული ფოტოები, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან — თბილისი, წალენჯიხა, სეფიეთი, ბოჭორმა, ვარძია, ფარავნის ტბა, ბოდბე, შიომღვიმე, გელათი, უჯარმა, მცხეთა, სათხე — ასევე უცხოეთიდან: აზერბაიჯანი (უდაბნო) და თურქეთი (ანისი). ეს ვიზუალური მასალა წმინდა ნინოს საქართველოში მოღვაწეობასა და ქრისტიანობის გავრცელების გზებს ასახავს.

გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ეროვნულ არქივში დაცულ უნიკალურ საარქივო დოკუმენტებს — ქართლის მოქცევასთან დაკავშირებულ ხელნაწერებს (გულანები, საისტორიო თხზულებათა კრებულები), ისტორიულ საბუთებს, მათ შორის წმინდა ნინოს სახელზე ბოდბის მონასტრისთვის შეწირულ სიგელებს, ასევე იშვიათ ფოტომასალას. ექსპედიციებში დაფიქსირებული ფრესკები XI–XVII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო ხელნაწერები და ისტორიული საბუთები — XVI–XVIII საუკუნეებს განეკუთვნება.

ექსპოზიციის მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს ის უნიკალური ვიზუალური მემკვიდრეობა და საარქივო წყაროები, რომლებიც საქართველოს გაქრისტიანების ისტორიას ასახავს, და წარმოაჩინოს ამ ისტორიული მოვლენის უდიდესი მნიშვნელობა ქართველი ერის სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილია წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი სპეციალური ბროშურა. ამასთან, ეროვნული არქივი მუშაობს წმინდა ნინოს შესახებ დოკუმენტურ ფილმზე, რომლის ჩვენებას საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში შესთავაზებს.

ქართლის მოქცევის თემას მიეძღვნება ეროვნული არქივის მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“, სადაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები საქართველოს გაქრისტიანების შესახებ უახლეს სამეცნიერო კვლევებს წარმოადგენენ. კონფერენცია, რომელიც 2016 წლიდან ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს ახალი კვლევების წახალისებას, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ეროვნული არქივის აკადემიური კავშირების გაძლიერებას.

გამოფენის გახსნის ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, იუსტიციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი იოანე (კვარაცხელია) მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ