მეუფე იაკობის ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე
ბოდბელმა ეპისკოპოსმა საზოგადოებას ერთობისა და შერიგებისკენ მოუწოდა.
2026 წლის 19 იანვარს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ნათლისღების სადღესასწაულო ღვთისმსახურება წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში აღასრულა.
სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა მრევლს, სადაც აღნიშნა:
„ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან და რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი ქართული საქმე გვეკეთებინოს.
ნურავინ დავიბრალებთ: ‘ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდა’. საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან და არც 2012-დან დაწყებულა. გვეყო, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. რაღაც შეცდომებს გვპატიობს ქრისტე, ჩვენ ის მაინც გავაკეთოთ – დავუძახოთ მაინც და დაველაპარაკოთ.
მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ. რამდენი წელია ვიძახით – შევრიგდეთ, შევრიგდეთო და ხან ვინ გამოხტება და ხან ვინ. ერთმანეთს როგორ მიმართავენ ხომ?!“
მღვდელმთავრის ქადაგება ნათლისღების დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობასთან ერთად, საზოგადოებრივი შერიგებისა და ურთიერთგაგებისკენ მოწოდებით გამოირჩეოდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამთავროს დედათა მონასტერში ნათლისღების საუფლო დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.