მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს
ნათლისღება – ღვთის განცხადება და სამყაროს განწმედის საიდუმლო.
19 იანვარს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საუფლო დღესასწაულს – ნათლისღებას (ღმრთის განცხადებას) ზეიმობს. ეს არის დღე, როდესაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ სიმდაბლით მიიღო ნათლობა იოანე ნათლისმცემლისგან მდინარე იორდანიაში და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ კაცობრიობას ცოდვათა მოტევება და ახალი ცხოვრება მინიჭებოდა.
მაცხოვარი, როგორც უცოდველი, თავად არ საჭიროებდა განწმედას, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის – შემუსრა ეშმაკის ძალა და განწმედილი წყლით განბანა ჩვენი უსჯულოება.
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ადამიანი ქრისტეს სხეულს – ეკლესიას უერთდება. ამ საიდუმლოში უხილავი მადლი მოქმედებს: წყალი სხეულს განწმენდს, ხოლო სულიწმიდა, გონებისათვის მიუწვდომლად, თვით სულს განბანს. როგორც წმიდა კირილე იერუსალიმელი გვასწავლის, ისე როგორც ცეცხლი რკინას მთლიანად გარდაქმნის, ასევე სულიწმიდა აღწევს ადამიანის სულის სიღრმეში და განაახლებს მას.
ნათლისღებას ღვთის განცხადების დღეც ეწოდება, რადგან სწორედ ამ დროს პირველად გამოცხადდა ყოვლადწმიდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით გარდამოვიდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა – „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 18 იანვარს ეკლესია თეოპემპტი ნიკომიდიელ ეპისკოპოსს და თეონა მოგვყოფილს იხსენებს.