მართლმადიდებელი ეკლესია 23 დეკემბერს წმიდა მეფე ვახტანგ მესამის ხსენებას აღნიშნავს
წმიდა მეფე ვახტანგ III – ქრისტესათვის ტანჯული ქართველი მეფე, სარწმუნოების ერთგული და სამშობლოს მსახური.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 23 დეკემბერს მოიხსენებს წმიდა მეფე ვახტანგ მესამეს, დემეტრე თავდადებულის ძეს, რომელიც XIII–XIV საუკუნეების ურთულეს ეპოქაში მართავდა საქართველოს და ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მოწამეობრივი აღსასრული მიიღო.
ვახტანგი 1257 წელს დაიბადა. მისი მამა იყო საქართველოს მეფე დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული. მამის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში იზრდებოდა. მოგვიანებით იგი ერთგულად დაუდგა გვერდით ძმას – მეფე დავით მეექვსეს და მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობდა.
დავით მეფის დავალებით, ვახტანგი ელჩად გაემგზავრა მონღოლთა ურდოში, სადაც ცდილობდა საქართველოსთვის ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარების შექმნას. თუმცა, ქვეყანაში არსებული არეულობისა და ეჭვების გამო, დავითმა წმიდა ვახტანგი დააპატიმრა. მოგვიანებით ვახტანგი იძულებული გახდა კვლავ მონღოლთა კარზე წასულიყო, სადაც ყაენმა მას მეფობა უბოძა.
1302 წელს ვახტანგი საქართველოს მეფედ დაჯდა. წყაროების მიხედვით, იგი გამოირჩეოდა ღრმა სარწმუნოებით, სიმდაბლით, მშვიდობითა და ეკლესიის განსაკუთრებული პატივისცემით. მიუხედავად ამისა, მისი მეფობა მძიმე ჟამს დაემთხვა – შიმშილს, აოხრებასა და უცხოელთა შემოსევებს.
მონღოლთა ლაშქრობებში იძულებითი მონაწილეობა ქართველთა დიდ მსხვერპლს იწვევდა, თუმცა მეფე ვახტანგი მუდმივად ზრუნავდა ეკლესიისა და სარწმუნოების განმტკიცებაზე. მისი ღვაწლით გაძლიერდა იერუსალიმში ქართული მონასტრების ავტორიტეტი, ხოლო იერუსალიმის ჯვარის მონასტერს მან დიდი შესაწირავი შესწირა.
მონღოლთა ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ, ყაენის ბრძანებით ქართველებს ქრისტიანობის დატოვება მოსთხოვეს. მეფე ვახტანგმა კატეგორიული უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე, რის გამოც, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მან მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო.
ქართლის ცხოვრების მიხედვით, წმიდა მეფე ვახტანგ მესამის ცხედარი დმანისის სიონში გადაასვენეს, სადაც ასევე დაკრძალულია მისი შთამომავლობა.
წმიდა მეფე ვახტანგ მესამე ეკლესიის მიერ იხსენიება, როგორც ქრისტესათვის ტანჯული მოწამე, რომელმაც სიცოცხლე სარწმუნოების, ეკლესიისა და საქართველოს ერთგულებას შესწირა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „წიგნიერი ლიდერის“ პირველი სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.