200 წელი დიდი ქართველი მღვდელმთავრის, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის მაქსიმე ქიქოძის ოჯახში.
1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. 1858 წელს გაბრიელი მონასტრის წინამძღვრად გაამწესეს. იმავე წელს გადაიყვანეს გორის ეპისკოპოსად, ხოლო 1860 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსად ეკურთხა და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო.
მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკითხს. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება. მან ამხილა ვაიქართველი მუხრანსკი, რომელიც წერდა, რომ მცირე ერები, მათ შორის ქართველებიც, „დიდ“ ხალხში გათქვეფის აუცილებლობას ვერ აცდებოდნენ, და რაც უფრო მალე მოხდებოდა ეს მოვლენა, მით უკეთესი იყო. „რით ამტკიცებ შენ, რომ ეს მოვლენა (მცირე ხალხის ენის განქარვება) არის ბუნების წესი?“ - ეკითხება გაბრიელ ეპისკოპოსი მუხრანსკის, - „პირიქით, ხალხი უნდა ეცადოს ენის გავრცელებას, გამდიდრებას და არა დამარხვასა და დაკარგვას“. გაბრიელი თვლიდა, რომ „ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი“ სწორედ ენაა. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარი ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და „უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც“.
1885 წელს მოკლეს გაბრიელ ეპისკოპოსის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). მეუფემაც მიიღო მუქარის წერილები. მან საქართველოდან წასვლა დააპირა. „ჩემი სულის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ მთლად ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ. მე ერთი ხნიერი კაცი ვარ. დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტაო“.
იცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: „ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა“, ხოლო სულის ამოსვლის წინ ამბობდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. 1896 წლის 25 იანვარს მღვდელმთავარი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისაგან იყო შეკრული. არათუ მიცვალებულის ღირსეული გაპატიოსნება, გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამონდობის გამო, არამედ მეზობელს მეზობელთან მისვლაც კი უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. ისეთი დიდთოვლობა იყო, რომ არქიელის გორიდან გამოსვენებულ ცხედარს ადევნებული პროცესია შენობების სახურავებით უფრო მიდიოდა, ვიდრე ქუჩაზე. მიუხედავად უამინდობისა, საკრებულო ტაძარში მიცვალებულის გადასვენებას დიდძალი საზოგადოება დაესწრო.
46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა.
გარდაცვალებულის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივ-ობლებსა და ღარიბებს დაურიგდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა იოაკიმე ალექსანდრიის პატრიარქის ხსენების დღე.