12 ოქტომბერი ღირსი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედის ხსენების დღეა

12 ოქტომბერი 2025 15:29
186

წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო.

მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშინისცემით გამოირჩეოდა. ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის მონაზვნური ცხოვრების ძალა. ერთხელ წმიდანმა თავის მეუღლეს უთხრა: „აწ მნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილ მორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქუენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემთა ნებსითთა და უნებლიეთთა“. კეთილმოწმუნე ქალმა არ დააბრკოლა მეუღლე, შენდობა მისცა და მშვიდობით განუტევა.
შვილებთან განშორების შემდეგ ოთარმა მიაშურა გარეჯის მონასტერს, რომლის არქიმანდრიტიც იყო გერმანე, კაცი გულითადი ღმრთისა. წინამძღვარმა სიხაურულით შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა: „კაცი ესე დიდსა საზომსა მიწევნად არს, რამეთუ აწვე გამოსვლით სოფლით აღუსრულებიეს სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა ბრძანებს უფალი, „რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“.
ერთხელ დავით-გარეჯის მონასტერს ლეკები შემოესივნენ, მოაოხრეს, იავარჰყვეს, რამდენიმე ბერი, მათ შორის მღვდელ-მონაზვნები - მაქსიმე და იოაკიმე, ბერი ონოფრე, და კიდევ ოთხი კერძოდიაკონი, ტყვედ წაიყვანეს. მოკვლა უნდოდათ, მაგრამ სახიერმა უფალმა დაიცვა იგი. ყოვლადმოწყალე ღვთის განგებულებით ბერები გაათავისუფლეს და მონასტერში დააბრუნეს.
ერთხელ მონასტერში მივიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა და რადგან არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, მას გამოელაპარაკა. ღირსმა ონოფრემ წმიდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მობანა მას სნეული თვალი. ორიოდე დღის შემდეგ მონასტერში მობრუნებულმა განკურნებულმა არაბმა მადლობა შესწირა უფალს და ღირს ონოფრეს.

ღირს ონოფრეს დიდი სქემით შემოსვა სურდა. მონასტრის არქიმანდრიტი ყოყმანობდა, მაგრამ ოცდაათდღიანი ლოცვისა და მარხვის შემდეგ  უფალმა მას გამოუცხადა, რომ ონოფრე ღირსი იყო ამისა.

სქემით შემოსვის შემდეგ ღირსმა ონოფრემ მდუმარების ღვაწლი იტვირთა, დღენიადაგ ფსალმუნებს კითხულობდა და დაგლეჯილ ჭილოფზე ეძინა, შიშველ ტანზე რკინის ჯაჭვი ემოსა; სენაკიდან მხოდოდ წირვა-ლოცვის დროს გამოდიოდა.

ბოლოს ნეტარი ონოფრე ისე დასნეულდა, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ძმები ევედრებოდნენ მას, საწოლში ჩაწოლილიყო და თავი სასთუმალზე დაედო. მაშინ ნეტარმა პირველად აღაღო პირი და თქვა: „აღთქმა მიქმნიეს, რათა იყოს აღსასრული ჩემი ჭილსა ამას ზედა“.

ღირსი ონოფრე მადლიერებით ითმენდა სნეულებას, ხელიდან ფსკვნილს არ იშორებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. მასთან მიდიოდნენ თაყვანისსაცემად, მაგრამ თავმდაბალი ბერი მნახეველებს სთხოვდა: „მიბოძეთ ფესვი სამოსლისა თქუენისა, რათა ამბორს-უყო და ფერჴნი თქუენნი მომეცით, რათა დაგბანოთ ცრემლითა“.

ღირსმა ონოფრემ წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავის მოძღვარს, მაქსიმეს მოუწოდა და ზიარება ითხოვა. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ონოფრემ გონება დაკარგა. არქიმანდრიტის ლოცვა-კურთხევით ძმებმა სულთმბრძოლის ლოცვის კითხვა დაიწყეს. ღირსი მამის გონება „აღტაცებული იყო და შექცეულ მაღალთა ხედვათა მიმართ“.

ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანს მართალთა ძილით მიეძინა. წმიდა ონოფრეს ნეშტი დაკრძალეს წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხევლის სარკმელთან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 11 ოქტომბერს პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული აღინიშნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ