ეკლესია 1 ოქტომბერს ბიძინა ჩოლოყაშვილს და ქსნის ერისთავებს მოიხსენიებს
XVII საუკუნის გმირობა და მოწამეობა, საქართველოს მხსნელები, რომელთა სარწმუნოებამ და თავგანწირვამ საუკუნო დიდება მოუტანა ერს.
XVII საუკუნე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ხანაა. შაჰ-აბას I-ისა და მისი მემკვიდრის სისასტიკემ კახეთი და ქართლი სისხლითა და ცეცხლით გაავსო: ათასობით ქართველი გადასახლდა, მონასტრები და ტაძრები დაინგრა, ეკლესიები შეურაცხყოფილ იქნა. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ იმ დროს ქრისტეს სახელი მხოლოდ მთაში, თუშებსა და ხევსურებს შორის ისმოდა.
ამ მძიმე რეალობაში უფალს ქვეყანა არ დაუტოვა ბედისწერის ამარა,სწორედ მაშინ მოევლინა საქართველოს მხსნელად ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები შალვა და ელიზბარი.
ბიძინა ჩოლოყაშვილმა, ზაალ არაგვის ერისთავთან და ქსნის ერისთავებთან ერთად, კახეთის გათავისუფლების გეგმა შეიმუშავა. საიდუმლოდ შეიკრიბა ერთგული მხედრობა და 1659 წელს ახმეტის გზით მოულოდნელად დაესხნენ თავს ბახტრიონის ციხეს გამაგრებულ სპარსელებს. გმირულმა ბრძოლამ გადამწყვეტი შედეგი მოიტანა – ბახტრიონისა და ალავერდის განთავისუფლება ქართველთა დიდ გამარჯვებად იქცა.
თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა ამაყი კახეთის სუნთქვა. შაჰ-აბას II-მ გმირები სპარსეთში წაიყვანა და მათ სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა. უარის გამო ბიძინა, შალვა და ელიზბარი სასტიკად აწამეს. წმინდანები არ გატეხილან,მათი სიმტკიცე და რწმენა დღემდე რჩება დაუძლეველ მაგალითად.
1661 წელს წმინდანები მოწამეობრივად აღესრულნენ. შალვასა და ელიზბარს თავები წარკვეთეს, ბიძინა კი უმძიმესი წამების შემდეგ ცოცხლად დაამხეს.
მოგვიანებით, წმინდანთა ნეშტი ქართლში ჩამოასვენეს და იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დიდი პატივით დაკრძალეს.
წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ახალი სტილით 1 ოქტომბერს, ქრისტესა და საქართველოსთვის თავგანწირული მოწამეების სახით მოიხსენებიან. მათი გმირობა და სარწმუნოება რწმენის, ერთგულებისა და სამშობლოსადმი სიყვარულის მარადიული მაგალითია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 30 სექტემბერი წმინდა იოაკიმე ალექსანდრიის პატრიარქის ხსენების დღეა.