ფრანგულ თავშესაფრებს ისლამისტები ბავშვების მოსაზიდად იყენებენ — უფლებადამცველები
ფრანგულ თავშესაფრებში მცხოვრები არასრულწლოვნები ხშირად ხდებიან „მუსლიმთა ძმების“ რადიკალური იდეოლოგიის სამიზნე.
2025 წლის 1 ივნისს ფრანგულმა გამოცემამ Le Figaro გამოაქვეყნა უფლებადამცველების — მანონ სიერაჩეკისა და ტიერი ფრომანის — განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვთა თავშესაფრები „ისლამისტური რადიკალიზაციის პრივილეგირებულ ადგილებად“ იქცა.
ადვოკატი სიერაჩეკი და ყოფილი მოსამართლე ფრომანი მოითხოვენ პერსონალის გაძლიერებულ გადამზადებასა და კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას, რათა ახალგაზრდები დაცულნი იყვნენ ექსტრემისტული იდეოლოგიისგან.
მსგავს საფრთხეებზე წერს გამოცემა The European Conservative-იც, რომელიც აღნიშნავს, რომ თავშესაფრების გადატვირთულ და არასაკმარისად მომზადებულ პერსონალს უჭირს წინააღმდეგობა გაუწიოს რადიკალებს, რომლებიც თავს მასწავლებლებად ან რელიგიურ მრჩევლებად ასაღებენ.
უფლებადამცველების თქმით, განსაკუთრებულად დაუცველები არიან არასრულწლოვანი მიგრანტები, რომლებსაც ოჯახის მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ფრანგული ენა არ იციან.
მოყვანილია მაგალითი — 2025 წლის მარტში ორლეანში 16 წლის მოზარდმა, რომელიც თავშესაფრიდან გაიქცა, რაბინს დაესხა თავს. მანამდე, 2023 წლის ნოემბერში, ჩრდილოეთ საფრანგეთში კიდევ ერთი 16 წლის ბიჭი დააკავეს ტერორისტული პროპაგანდისა და დაჯგუფებაში მონაწილეობის ბრალდებით — ის ღიად უჭერდა მხარს ISIS-ს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ საფრანგეთმა „მუსლიმთა ძმები“ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიარა.