ეკლესია წმინდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი მორწმუნეები პატივს მიაგებენ წმინდანს, რომელმაც თავისი მოწამეობრივი სიკვდილით გვიჩვენა რწმენაში სიმტკიცის მაგალითი და ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი ღვთივსათნო წმინდანი გახდა.
6 მაისს (იულიანური კალენდრით 23 აპრილს) ეკლესია აღნიშნავს წმინდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის ხსენების დღეს - ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი წმინდანის.
წმინდა გიორგი დაიბადა ქალაქ ბეირუთში (ძველად - ბელითში), ლიბანური მთების ძირში, მდიდარ და ღვთივსათნო მშობლების ოჯახში, რომლებმაც ის ქრისტიანული რწმენით აღზარდეს. გიორგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მისი მამა ქრისტეს აღმსარებლობისთვის აწამეს.
სამხედრო სამსახურის დაწყებისთანავე გიორგი ყველა მეომრისგან გამოირჩეოდა თავისი გონებით, სიმამაცით, ფიზიკური ძალითა და სილამაზით. მან მალევე მიაღწია ათასისთავის წოდებას და იმპერატორ დიოკლეტიანეს განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.
თანახმად მისი ცხოვრების კანონიკური გადმოცემისა, გიორგიმ ივნო თავისი რწმენის აღმსარებლობის გამო ქრისტიანთა დიდი დევნისას, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. 303 წელს რვადღიანი უმძიმესი წამების შემდეგ მას თავი მოკვეთეს. მწამებლებზე მოპოვებული დიადი გამარჯვების (მათ ვერ აიძულეს ის, რომ უარი ეთქვა ქრისტიანობაზე) და ადამიანებისთვის სასწაულებრივი დახმარების აღმოჩენის გამო, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გიორგის ძლევაშემოსილს უწოდებდნენ.
განსაკუთრებით ცნობილია წმინდა გიორგის გველეშაპის სასწაული. ძლევაშემოსილი გიორგის გამოსახვა ცხენზე ეშმაკზე გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს - „ძველაღთქმისეულ გველზე“. გადმოცემის თანახმად, ქალაქ ბერუთში ტბის ფსკერზე დასახლდა ულმობელი გველი, რომელიც ამოდიოდა წყლიდან და ხალხს ჭამდა. მისი გულის მოსალბობად, მოსახლეობა მას მსხვერპლად სწირავდა ულამაზეს ქალიშვილებს. ბოლოს ადგილობრივი მმართველის ერთადერთი ქალიშვილის რიგიც დადგა.
როდესაც მტერი ქალიშვილს უახლოვდებოდა, უცებ თეთრ ცხენზე გამოჩნდა გასხივოსნებული ყმაწვილი, რომელმაც შუბით განგმირა გველი და ქალიშვილი გადაარჩინა. ეს ყმაწვილი წმინდა დიდმოწამე გიორგი იყო. ასეთი სასწაულებრივი გამოჩენით მან შეწყვიტა ყმაწვილთა და ქალიშვილთა განადგურება და ქრისტეს აზიარა იმ ქვეყნის მაცხოვრებლები, რომლებიც მანამდე წარმართები იყვნენ.
დღეს ტაძრებში ტარდება წმინდა დიდმოწამისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურებები. მართლმადიდებელი მორწმუნეები აღავლენენ ლოცვებს, ევედრებიან ძლევაშემოსილ გიორგის შეწევნას და სიმტკიცეს ცხოვრებისეული სირთულეების გადასალახად.