ფერისცვალების ტაძარში მთავარანგელოზობის ღამისწირვა ჩატარდება

2824
20 ნოემბერი 2025 11:11
11
ფერისცვალების ტაძარი. ფოტო: ტაძრის სამრევლო გვერდი ფერისცვალების ტაძარი. ფოტო: ტაძრის სამრევლო გვერდი

20 ნოემბერს, ხუთშაბათს, საზეიმო მსახურება დაიწყება 23:30 საათზე.

მთავარანგელოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფერისცვალების ტაძარი მორწმუნეებს განსაკუთრებულ ღამისწირვაზე იწვევს. მსახურება ჩატარდება 20 ნოემბერს, ხუთშაბათს, ღამის 23:30 საათზე.

ტაძარში აღნიშნული ღონისძება საკრალური ტრადიციის ნაწილია და ყოველწლიურად მრევლის დიდი ინტერესით გამოირჩევა. მორწმუნეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მთავარანგელოზთა პატივსაცემად ერთობლივი ლოცვით აღნიშნონ ეს მნიშვნელოვანი დღე.

21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. 

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა. დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ. ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი.

საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 ნოემბერს ღირს ლაზარე გალისიელს იხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ