მართლმადიდებელი ეკლესია 33 მელიტინელ მოწამეს მოიხსენებს
20 ნოემბერს ახალი სტილით იხსენიებიან იერონი დიდი და მისი თანამოწამენი, რომლებმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირეს.
20 ნოემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს 33 მელიტინელ მოწამეს — წმინდანებს, რომლებმაც ქრისტიანული რწმენა უდიდესი შემართებით აღიარეს და სიცოცხლე ქრისტესადმი სიყვარულით შესწირეს. მათი ხსენების დღე ძველი სტილით 7 ნოემბერს აღინიშნება.
წმინდა იერონი დიდი, კაბადოკიელი, ქალაქ ტიანში დაიბადა. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ გაცემული ბრძანებით, მხედართა სარდალმა ლისიუსმა კაპადოკიაში დაიწყო ქრისტიანთა დევნა და ძლიერი მეომრების შეყრა. იერონის სამხედრო სამსახურში აყვანა თავადაც ისურვა, თუმცა მან ქრისტიანთა მდევნელი ხელისუფლების მსახურებაზე მტკიცე უარი განაცხადა.
როცა იერონის ძალით წაყვანას ეცადნენ, მან თვრამეტ თანამოაზრესთან ერთად ერთ მღვიმეში შეაფარა თავი და თავდამსხმელები გააქცია. მოგვიანებით, მოღალატე კვირიკეს რჩევით, იერონი დაჰყვა ხელისუფლების ნებას და მელიტინში სხვა ახალწვეულებთან ერთად გაგზავნეს.
მალე იერონმა სიზმარში თავისი მოწამეობრივი აღსასრული იხილა. როცა ლისიუსმა მეომრებს წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, იერონმა და მის გვერდით მდგომმა 32-მა ქრისტიანმა მეომარმა ამ მოთხოვნაზე მტკიცე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მათ სასტიკი გვემით წამება და სასჯელი მიუსაჯეს: იერონს ხელი მოკვეთეს, ხოლო დილით დანარჩენებს თავი მოკვეთეს.
მოწამეთა წმინდა ნაწილები ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს. მოგვიანებით, იმპერატორ იუსტინიანეს დროს, წმინდა ირინეს ტაძრის მშენებლობისას, მათი უხრწნელი ნაწილები აღმოჩნდა.
მელიტინელი მოწამეები საუკუნეების განმავლობაში რჩებიან ქრისტიანი თავდადებისა და ურყევი სარწმუნოების სიმბოლოდ.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერი წმიდა პავლე აღმსარებლის - კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეა.