ეკლესია მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსს, სომხეთის განმანათლებელს მიაგებს პატივს

2824
13 ოქტომბერი 2025 16:15
24
წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, რიფსიმე და გაიანე. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, რიფსიმე და გაიანე. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა.

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი  პართთა სამეფო გვარის, არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. წმიდანის მამამ, ანაკმა სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავისი ნათესავი, მეფე კუსარი სიცოცხლეს გამოასალმა. ამისთვის მთელი მისი საგვარეულო ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ ანაკის ორი ჩვილი ძე, „რომელნი ჯერეთ სახუეველთა შინა ძუძუჲს-მწოვარნი იყვნეს“. მათგან ერთი სპარსეთში გახიზნეს, მეორე - გრიგოლი კი ერთმა ნათესავმა კესარიის კაბადოკიაში გადაიყვანა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდა. როცა მოიწიფა, გრიგოლი დაქორწინდა, ორი ვაჟიც შეეძინა, მაგრამ მალე დაქვრივდა. წმიდანი ძეებს კეთილმსახურებით ზრდიდა. ერთი მათგანი - ორთანე შემდგომში მღვდელი გახდა, მეორე - აროსტაკე კი ბერად აღიკვეცა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. მამის ცოდვა რომ გამოესყიდა, გრიგოლი კუსარის ძის - თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა მეფისწულს. თრდატს გრიგოლი უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ გუობდა. სომხეთის ტახტზე ასვლის შემდეგ მან ნეტარს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გრიგოლმა მტკიცე უარით უპასუხა. ამით განრისხებულმა მტარვალმა ერთგული მსახური საშინლად აწამებინა: მას ყელზე ლოდი გამოაბეს, თავდაყირა დაკიდეს, ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა, დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდლით სავსე ტყავის ტომარა ჩამოაცვეს... გრიგოლი, ღვთის შეწევნით, მოთმინებით იტანდა ამ და სხვა სატანჯველებს. წმიდანის კადნიერებით კიდევ უფრო გამძვინვარებულმა თრდატმა გაამძაფრა წამება და ხორცდაფლეთილი და გასისხლიანებული მარტვილი საპყრობილეში ჩააგდო. ღმერთმა აქ წყლულებათაგან განკურნა თავისი რჩეული, მაგრამ უსჯულო თვითმპყრობელმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. მარტვილი უდრეკი რჩებოდა და „სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა“.

გრიგოლს გამლღვალი ტყვია ჩაასხეს პირში, რაც, სულიწმიდის მადლით დაცულმა, გრილი წყალივით მიიღო და ღვთის სიტყვის ქადაგება განაგრძო. გაკვირვებულმა თრდატ მეფემ გადაწყვიტა წმინდა გრიგრლის შეწყალება, მაგრამ ერთმა მოთმინებადაკარგულმა კარისკაცმა ხმამაღლა შესძახა: „არა ღირს-არს ეგე ცხორებასა და არცა ყოვლად მზისა ამის ხილვასა“, რადგან პართი ანაკის - მამაშენის მკვლელისა და სომხეთის ამაოხრებლის ძე არისო. მეფე ამ სიტყვებმა შურისძიების წყურვილით აღავსო და ბრძანა, ხელფეხშებოჭილი გრიგოლი არარატის ბნელ, გესლიანი ქვეწარმავლებით და მატლებით სავსე ჯურღმულში ჩაეგდოთ. უფალმა დაიცვა ნეტარი: ქვემძრომები მას არაფერს ვნებდნენ, ერთი კეთილმსახური ქალი პურს უზიდავდა, წმიდა ანგელოზი კი ძალებს უცხოველებდა და განამტკიცებდა. ასე განვლო თოთხმეტმა წელმა. ამ ხნის მანძილზე თრდატმა კიდევ ერთი უსჯულოება ჩაიდინა: წამებით ამოჰხადა სული წმიდა რიფსიმეს, გაიანეს და მათთან ერთად ოცდათხუთმეტ ქალწულს.

სასწაულებრივ გადარჩენილ მარტვილს სხეული თმებით დაჰფარვოდა, ჩამომხმარიყო და გაშავებულიყო, მაგრამ სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსლით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში, „რამეთუ მუნ იყო მეფე მათი თრდატ“.

წმიდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმიდა ნაწილი სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, 10 ოქტომბერს არის ხსენება წმინდა მოციქულების არისტარქოსის, პუდის და ტროფიმის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ