თუშეთში აღათო ლაზარეს ასულის საფლავზე ჯვარი აღმართეს
თუშეთში, სოფელ დანოში, ადგილობრივებისა და კეთილი ადამიანების ძალისხმევით აღათო ლაზარეს ასულის დავიწყებული საფლავი მოალამაზეს და ქრისტიანული ტრადიციისამებრ ჯვარი აღმართეს.
თუშეთში, სოფელ დანოში, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ახალგაზრდა ქალის — აღათო ლაზარეს ასულის საფლავი, რომელიც წლების განმავლობაში ბალახითა და სიპის ქვით იყო დაფარული და ლოდების გორას უფრო ჰგავდა, ადგილობრივებმა და სტუმრებმა გაალამაზეს. მათ საფლავზე სიყვარულის სიმბოლოდ ჯვარიც აღმართეს.
აღათოს ამბავი საზოგადოებას ბატონ ამირან არაბულმა და ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ გააცნეს. როგორც ამბობენ, მათი მოთხრობილი ამ სევდიანი ისტორიის მოსმენისთანავე გაჩნდა სურვილი, ენახათ სოფელი დანო და თავად აღათოს დასაფლავების ადგილი.
„ჩვენი თუშეთში სტუმრობის დროს, როდესაც მოვინახულეთ ეს საფლავი, მყისიერად გაგვიჩნდა სურვილი, რომ აუცილებლად ჯვარი აღმართულიყო (როგორც ეს მართლმადიდებლური წესია საფლავზე)“ — აღნიშნავენ პროექტის მონაწილეები.
აღათოს საფლავზე ჯვრის აღმართვისა და ტერიტორიის მოსაწესრიგებლად გაერთიანდნენ სხვადასხვა ადამიანები, რომელთა შრომამ ამ კეთილ საქმეს ხორცი შეასხა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბატონ ვანო გიორგაძეს, რომელმაც იდეა რეალობად აქცია, ასევე ბატონ კოტე არშაულიძეს და მის სამეგობროს, რომლებმაც შეასრულეს ყველა ტექნიკური სამუშაო.
„ღმერთმა გაანათლოს აღათოს სული და უფალმა დალოცოს ყველა ამ კეთილ საქმეში მონაწილე ადამიანი,“ იფორმაციას ამის შესახებ facebook გვერდი: ,,წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი საფრანგეთში" ავრცელებს.
წარწერა საფლავის ქვაზე:
“ამა საფლავსა შინა მდებარე ვარ მე აღათო ლაზარეს ასული. გარდავიცვალე 1926 წელსა, მკათათვის 8 დღეს, შობიდგან 18 წლისა.
წამკითხველნო, გთხოვთ, შენდობა მაღირსოთ.”
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დიმიტრი უზნაძის ხსოვნა: 75 წელი ფუძემდებლური ფსიქოლოგის გარდაცვალებიდან.