კრწანისის გმირთა ხსენება
1795 წლის კრწანისის ბრძოლაში დაღუპული 300 არაგველი, სასულიერო და საერო პირები საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
1795 წლის 24 სექტემბერს კრწანისის ველზე ქართლ-კახეთის სამეფოსა და სპარსეთის ლაშქარს შორის მომხდარმა ბრძოლამ საქართველოს ისტორიაში უდიდესი ტრაგედია და ამავდროულად გმირობისა და თავდადების უმაღლესი მაგალითი დაამკვიდრა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი არმიით შემოესია ქვეყანას, მაშინ, როდესაც მეფე ერეკლე II მცირერიცხოვანი ლაშქრით ცდილობდა სამშობლოს დაცვას.
ქართველებმა, მიუხედავად უთანასწორო ძალებისა, მტკიცედ იბრძოლეს. განსაკუთრებით გამოირჩნენ 300 არაგველი, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისა და რწმენის დასაცავად გმირულად გაიღეს სიცოცხლე. ამავე ბრძოლაში მრავალი სასულიერო და საერო პირიც დაიღუპა.
მტრის გამარჯვების შემდეგ თბილისი გაძარცვეს, დაწვეს და დაარბიეს, ათასობით მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს, ხოლო ქართლის სოფლები მოთარეშეთა რაზმებმა ააოხრეს. კრწანისის ბრძოლამ აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ზარალი მოუტანა, თუმცა ქართველი ხალხის თავგანწირვამ უკვდავი ადგილი დაიმკვიდრა ეროვნულ მეხსიერებაში.
2008 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით კრწანისის ომში დაღუპულნი — 300 არაგველნი და მათ გვერდით გმირულად მებრძოლი სასულიერო და საერო პირები — წმინდა მოწამეებად შერაცხა. მათ ხსენების ახალი სტილით 24 სექტემბერი დაწესდა.
დღეს, საუკუნეების შემდეგაც, კრწანისის ველი ქართველი ხალხისთვის რჩება სიმბოლოდ ერთგულებისა, რწმენისა და სამშობლოსადმი თავდადებისა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 23 სექტემბერს წმიდა ნიკეის მღვდელმთავრები პეტრე და პავლეს ხსენების დღეა.