წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე
ალექსანდრე ოქროპირიძე 1824 წელს, გორის მაზრის სოფელ დისევში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა.
საქართველოს ისტორიის ის მონაკვეთი, რომელიც XIX საუკუნეს მოიცავს, განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს ქართველი ხალხის წინაშე მდგარ სულიერ, ეროვნულ და კულტურულ გამოწვევებს. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს პოლიტიკური სახელმწიფოებრიობის გაუქმებას თან მოჰყვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, საეკლესიო მმართველობის უცხო ძალაუფლებისადმი დაქვემდებარება და ეკლესიური ცხოვრების არაერთი ტრადიციული საფუძვლის მოშლა. ამ პროცესებს ემატებოდა ქართული ენის, განათლებისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ასეთ ვითარებაში ეკლესიას, როგორც ქართველი ხალხის სულიერი და ეროვნული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანეს საყრდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. არსებობდნენ საეკლესიო მოღვაწენი, რომლებმაც დროდადრო ერის წინამძღოლის ფუნქციაც შეითავსეს.
სწორედ ამგვარ მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნება წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე — პიროვნება, რომლის ცხოვრებისეული გზა ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად ფართო შეიძლება იყოს ეკლესიის ერთგული მსახურის პასუხისმგებლობა საკუთარი ერის წინაშე. მისი მოღვაწეობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ეპარქიის მართვით, ღვთისმსახურებითა და სამწყსოს სულიერი ხელმძღვანელობით. იგი ერთდროულად ზრუნავდა ძველი ქართული მონასტრებისა და ტაძრების აღორძინებაზე, სასულიერო განათლების განვითარებაზე, ქართული ენისა და მწიგნობრობის დაცვაზე, საეკლესიო გალობის შენარჩუნებაზე, წიგნების გამოცემასა და საზოგადოებრივ ქველმოქმედებაზე. მისთვის ყოველი ასეთი საქმე არა ერთმანეთისგან განცალკევებული საზოგადოებრივი ინიციატივა, არამედ ერთი დიდი მსახურების — ღვთისა და სამშობლოს სამსახურის — ორგანული ნაწილი იყო.
ალექსანდრე ოქროპირიძე 1824 წელს, გორის მაზრის სოფელ დისევში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. იგი ბავშვობიდან ეზიარა ეკლესიურ ცხოვრებას. ყრმა ალექსი ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1845 წელს წარჩინებით დაასრულა. ამავე წელს მომავალი მღვდელმთავარი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე ეწოდა. მალევე მამა ალექსანდრე დიაკვნადაც იქნა ხელდასხმული.
1845 წლის ზაფხულში ახალგაზრდა მოღვაწე სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა და 1850 წელს, სასულიერო სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, სამშობლოში ღვთისმეტყველების სამეცნიერო ხარისხით დაბრუნდა. იგი ამ დროისთვის უკვე მღვდელ-მონაზონია. რუსეთიდან დაბრუნებულმა წმინდა მამამ კვლავ თბილისის სასულიერო სემინარიას მიაშურა. ამჯერად, როგორც პედაგოგი, ახალგაზრდებს სხვადასხვა საღვთისმეტყველო საგანს ასწავლიდა.
წმინდა მოღვაწე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლა-განათლებას. სწორედ ამიტომ იგი 1851 წლის სექტემბრიდან აფხაზეთში სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად იქნა გადაყვანილი. აქვე დაევალა მას აფხაზ მღვდელ-მონაზონთა ზედამხედველობაც. გულმოდგინე მღვდელმსახური აქტიურად შეუდგა აფხაზეთში მისიონერულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. მან 1852 წელს ილორში ჩამოაყალიბა სკოლა, სადაც ბავშვებს ამზადებდნენ სასულიერო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. ამავე წელს სოფელ ლიხნში ამოქმედდა სასულიერო სასწავლებელი, რომელიც წმინდა მოღვაწემ პირადი სახსრებით დააფინანსა.
წმინდა ალექსანდრეს აფხაზეთში მოღვაწეობა დაემთხვა ყირიმის ომს, რის შემდეგაც აფხაზთა ნაწილი გამუსლიმანდა. არქიმანდრიტის ხარისხში აღყვანილი წმინდა მამა მისიონერული საქმიანობის ახალ გზებს ეძებდა. 1860 წელს მან ჩამოაყალიბა და საქართველო-იმერეთის სინოდალურ საბჭოს წარუდგინა გეგმა: „აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებისა და ქრისტიანობის განვითარების შემაფერხებელი მიზეზების შესახებ“. მისი აზრით, საჭირო იყო სასულიერო სასწავლებლების გახსნა, უძველესი ტაძრების აღდგენა და სამღვდელოების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ღვთისმსახურების ქართულ ენაზე წარმართვას, რომელიც იმ დროს პრობლემას წარმოადგენდა.
1862 წლის 4 მარტს არქიმანდრიტი ალექსანდრე აფხაზეთის ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ წმინდა მხარეში დიდი მღვდელმთავრის უდიდეს სულიერ ღვაწლზე მიუთითებს ადგილობრივი მოსახლეობის მისდამი დამოკიდებულება: აფხაზმა ხალხმა სამართლიანად უწოდა მას „მეორე მოციქული“.
1869 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე ქართლ-კახეთის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. იგი იყო გორის ეპისკოპოსი და სრულიად ქართლ-კახეთის ქორეპისკოპოსი. სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა იგი წმინდა ილია მართალს, რომელიც უდიდეს პატივს მიაგებდა დიდ მღვდელმთავარს. 1882 წელს, როდესაც მეუფე ალექსანდრე დასავლეთ საქართველოში გადაჰყავდათ, გამოსამშვიდობებელი სიტყვით სწორედ ილია ჭავჭავაძემ მიმართა მას: „თქვენს სიყვარულს თქვენი საყვარელი ქვეყანა, საცა გინდა ბრძანდებოდეთ, არ დაივიწყებს. ადიდე კვერთხი ესე, და წარიყვანე ერი შენი გზასა სიმართლისა და სარწმუნოებისა. დაგვლოცე და შენი მადლიანი ხელით გვაკურთხე შენი მადლობელნი და შენი ღვაწლ-დებულნი“.
1882-1885 წლებში წმინდა მღვდელმთავარი გურიის ეპარქიას მართავდა, ხოლო 1898 წელს სინოდმა უბოძა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსობა. გულმოდგინედ შეუდგა ახალ მოვალეობას სახელოვანი ეპისკოპოსი. იგი არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებსაც არ ტოვებდა უყურადღებოდ. საკუთარ თავს იგი ძალზე მცირეს ახმარდა და მთელ თავის მონაგარს სწირავდა საზოგადო საქმეს, კერძოდ, აახლებდა ძველი ხუროთმოძღვრების დიდებულ ძეგლებს, აბეჭდვინებდა ჩვენი ძველი მწერლობის საყურადღებო ნაწარმოებებს, ხელმძღვანელობდა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადატანას და გავრცელებას.
წმინდა ალექსანდრე არ ეგუებოდა უსამართლობას, რომელსაც რუსული მმართველობა არაერთგზის მიმართავდა ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ასე, მაგალითად, როდესაც სამშობლოს პატივისა და ღირსების დაცვისათვის შეწირული წმინდა დიმიტრი ყიფიანის ნეშტი 1887 წელს თბილისში ჩამოასვენეს, მთაწმინდისკენ მიმავალ პროცესიას სწორედ სახელოვანი მღვდელმთავარი მიუძღვებოდა. მან ერთ-ერთმა პირველმა აიმაღლა ხმა, როცა ხელისუფლება სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნას აპირებდა და აიძულა მთავრობა, საკუთარ განზრახვაზე ხელი აეღო.
საბოლოოდ, ხელისუფლებამ არ აპატია წმინდა მამას „ურჩობა“ და იგი ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლა. წმინდა ალექსანდრე მისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში განაწესეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.
სამშობლოსთვის თავდადებული, ღრმად მოხუცებული წმინდა ალექსანდრე 1907 წლის 9 ნოემბერს მშვიდობით მიიცვალა ღვთის წინაშე. ზუსტი შეფასება მისცა მის მოღვაწეობას ზაქარია ჭიჭინაძემ: „ყველგან მის მოღვაწეობას წინ უძღოდა მხურვალე სიყვარული მშობლიური ეკლესიისა და სამშობლოს მიმართ. ამ სიყვარულით გამსჭვალული მღვდელმთავარი არ იყო მხოლოდ მონასტრის სავანეში კარჩაკეტილი ცხოვრების მოტრფიალე. პირიქით, მას ცხოვრების მიზნად ჰქონდა დასახული ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სარწმუნოების დიდმნიშვნელობის შეგნებით განათებული“.
სამშობლოსა და ეკლესიის სამსახურში დამაშვრალი წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის 18-19 სექტემბრის გაფართოებულ კრებაზე წმინდანთა დასში იქნა შერაცხილი.