წმიდა გიორგი (კარსლიდისი) ახალი აღმსარებელი
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წმინდა მამა სიცოცხლის ბოლომდე ქართულ ენაზე აღასრულებდა საღვთო ჟამისწირვას.
საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიების წმინდანთა სახსენებელს განსაკუთრებით ამკობს ღირსი მამის, გიორგი კარსლიდისის სახელი, რომელსაც წმინდა ეკლესია 4 ნოემბერს იხსენებს.
მღვდელმონაზონი გიორგი (ერისკაცობაში — ათანასე კარსლიდისი) დაიბადა 1902 წლის 18 იანვარს, წალკის რაიონის სოფელ ხადიკში (დღევანდელ ტბეთში). თუმცა მისი ცხოვრების ზოგიერთი მკვლევარ-ბიოგრაფი წმინდა მამის დაბადების ადგილად პონტოს არგიროპოლისს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ წმინდა გიორგი კარსლიდისის შესახებ ცნობების განხილვისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მისი ბიოგრაფიული ფაქტები, ეკლესიური მოწმობები და მის შესახებ გავრცელებული სასწაულებრივი გადმოცემები.
რაც დაზუსტებით ვიცით, შემდეგია: მისი მშობლები — საბა და სოფიო — კეთილმორწმუნე ადამიანები იყვნენ და მომავალ წმინდანსაც ღვთის რწმენითა და სიყვარულით ზრდიდნენ. თუმცა იგი მალევე დაობლდა და მისი აღზრდა ბაბუამ იტვირთა. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ კი ათანასე თავდაპირველად პონტოდან ერზერუმში, შემდეგ კი საქართველოში გადავიდა. პატარა ათანასეს სიყრმიდანვე ჰქონდა ურთიერთობა მონასტერთან და, მიუხედავად რთული ეპოქისა, რომელიც სავსე იყო ეკლესიისა და სასულიერო პირების დევნა-შევიწროებით, მან მაინც გადაწყვიტა, შედგომოდა მონაზვნობის რთულ გზას. აფხაზეთში, კერძოდ კი დრანდის უძველეს მონასტერში, ახალგაზრდა ათანასე არქიმანდრიტ გიორგი წულაიას მიერ მცირე სამონაზვნო სქემაში აღიკვეცა სვიმეონის სახელით. იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი იყო იოანე მარღიშვილი, რომლის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშაც უწევდა ახალგაზრდა მოღვაწეს მსახურება. სწორედ მისი კურთხევით მონაზონი სვიმეონი დიდ სქემაში აღიკვეცა და წმინდა დიდმოწამე გიორგის საპატივცემულოდ ეწოდა სახელი — გიორგი. მთავარეპისკოპოს იოანეს ხელით მიიღო მან ასევე სამღვდელო ხარისხიც.
ღირსი გიორგისთვის მეუფე იოანე იმდენად ძვირფასი იყო, რომ სწორედ ის გახდა წმინდა მოღვაწის სულიერი წინამძღოლი. არსებობს გადმოცემა, რომ მთავარეპისკოპოს იოანეს მიერ ნაჩუქარმა პანაღიამ გადაარჩინა ღირსი გიორგი სიკვდილს. ზუსტად არ არის ცნობილი ადგილი, თუ სად მოხდა ეს შემთხვევა, მაგრამ როდესაც იგი დასახვრეტად გაიყვანეს, სწორედ პანაღიას მოხვდა მისთვის გამიზნული ტყვია და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მაშინ როცა დანარჩენი ბერები ემსხვერპლნენ ჯალათებს.
1930-იან წლებში ღირსი გიორგი საბერძნეთში გაემგზავრა. გარკვეული პერიოდი სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდა, საბოლოოდ კი დამკვიდრდა დრამის რეგიონის სოფელ სიფსაში, რომელსაც დღეს ტაქსიარქესი ეწოდება. აქ მან ააშენა ამაღლების სახელობის მონასტერი, სწორედ ეს მონასტერი გახდა მისი სულიერი მოღვაწეობის მთავარი ცენტრი, სადაც გარდაცვალებამდე მსახურობდა. ღირსი გიორგი სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანებს, ხელმძღვანელობდა მათ სულიერ ცხოვრებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სინანულს, აღსარებას და მოუკლებელ ლოცვას. წმინდა გიორგი კარსლიდისი ღვთივმიიცვალა 1959 წლის 2 ნოემბერს.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წმინდა მამა სიცოცხლის ბოლომდე ქართულ ენაზე აღასრულებდა საღვთო ჟამისწირვას. მიუხედავად იმისა, რომ ღირსი გიორგი კარსლიდისის შესახებ ბევრი დაუზუსტებელი ინფორმაციაა გავრცელებული, ერთი რამ ცხადია — წმინდანის შემდგომ მოღვაწეობაზე უდიდესი გავლენა იქონია ქართველმა სასულიერო პირებმა და საქართველოს ეკლესიამ. მან ანდერძადაც დაიბარა, საქართველოდან წაღებული შესამოსელით დაესაფლავებინათ და ქართული ჯვარი და სახარება ჩაეყოლებინათ.
წმინდა გიორგი კარსლიდისის ბიოგრაფიის ამგვარი გეოგრაფიული და საეკლესიო მრავალფეროვნება გვაძლევს შესაძლებლობას, მისი პიროვნება განვიხილოთ საქართველოსა და საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ისტორიული სულიერი კავშირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმობად. ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს მხოლოდ იმ ფაქტთან, რომ ერთი სასულიერო პირი სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდა. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მისი სულიერი ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს უკავშირდება, ხოლო მისი შემდგომი ღვაწლი და წმინდანად აღიარება საბერძნეთის საეკლესიო წიაღში განხორციელდა. ამგვარად, მისი ცხოვრება ნათლად წარმოაჩენს მართლმადიდებლური სულიერი მემკვიდრეობის საყოველთაო ხასიათს, რომელიც ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საზღვრებზე მაღლა დგას.
ღირსი მოღვაწის წმინდანად კანონიზება 2008 წლის 2 ნოემბერს მოხდა და ეწოდა წმიდა გიორგი (კარსლიდისი) ახალი აღმსარებელი. 2016 წლის აგვისტოში წმინდა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანა დრამის მიტროპოლიტმა პავლემ სასულიერო პირთა დელეგაციასთან ერთად. როგორც ჩანს, საღვთო ნებამ და წმინდანის სურვილმა, კვლავ დაბრუნებულიყო საქართველოში, ამგვარად შეისხა ფრთები. დღეს მისი საკვირველმოქმედი ნაწილები დასვენებულია წალკის ეპარქიაში, მის მშობლიურ მხარეში. საგულისხმო და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ხშირად სტუმრობს დრამას და წმინდანის სამოღვაწეო ადგილას აღასრულებს საღვთო ლიტურგიას.
ამრიგად, წმინდა გიორგი კარსლიდისის პიროვნება შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც XX საუკუნის მართლმადიდებლური ასკეტიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, არამედ როგორც საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის ისტორიული სულიერი ნათესაობის განსაკუთრებული მოწმობა. მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობა მხოლოდ დოგმატური და ლიტურგიკული ერთობით არ გამოიხატება; იგი ასევე ვლინდება ხალხთა, მონასტრების, სასულიერო პირთა და სულიერი ტრადიციების ურთიერთგადაკვეთაში. ამდენად, წმინდა გიორგი კარსლიდისის ისტორიული მემკვიდრეობის სათანადო შესწავლა და წარმოჩენა შეიძლება იქცეს საქართველოსა და საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთგაგებისა და სულიერი დაახლოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად.