წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა
მთავარანგელოზის მიერ ნაუწყები საღვთო აღთქმა აღსრულდა. ელისაბედმა შვა ძე.
წმინდა მალაქია წინასწარმეტყველის შემდეგ, რომელიც ქრისტეს შობამდე დაახლოებით IV საუკუნეში ცხოვრობდა, ისრაელში ჭეშმარიტი წინასწარმეტყველური ხმა ფაქტობრივად აღარ გაჟღერებულა. ოთხასი წლის განმავლობაში ხალხი ცხოვრობდა მოლოდინში, სულიერ სიცარიელესა და დუმილში. იოანე ნათლისმცემლის შობა იყო ნიშანი იმისა, რომ ღმერთმა კვლავ „მოხედა თავის ხალხს“. იგი გახდა ბოლო და უდიდესი წინასწარმეტყველი ძველი აღთქმისა, რომელმაც დაასრულა მოლოდინის ხანა.
ეს დიადი მოვლენა იწყება ხანდაზმული და უშვილო წყვილით - მღვდელი ზაქარიათი და მისი მეუღლე ელისაბედით, რომლებიც მთელი ცხოვრება მართლად ცხოვრობდნენ, თუმცა შვილი არ ეძლეოდათ. როდესაც ზაქარიას წილად ხვდა ტაძარში შესვლა კმევის აღსასრულებლად, მას საკურთხევლის მარჯვნივ უფლისგან მოვლენილი - მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა. ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო, თუმცა ანგელოზმა დაამშვიდა და ახარა, რომ მისი ლოცვა შესმენილი იყო: ელისაბედი შობდა ძეს, რომლისთვისაც იოანე უნდა დაერქმიათ. მთავარანგელოზმა გაბრიელმა წინასწარ-მეტყველურად აღწერა ბავშვის მომავალი - იგი იქნებოდა დიდი უფლის წინაშე, მუცლიდანვე სულიწმიდით აღივსებოდა და ელიას სულითა და ძალით მოაქცევდა მრავალ ისრაელიანს უფლისკენ. ზაქარიამ, საკუთარი და მეუღლის ხანდაზმულობის გამო, ეჭვი შეიტანა ანგელოზის სიტყვებში და ჰკითხა, თუ როგორ მოხდებოდა ეს. ამ მცირედმორწმუნეობის ნიშნად, მთავარანგელოზმა იგი დაადუმა - ზაქარიამ ლაპარაკის უნარი დაკარგა იმ დღემდე, სანამ ეს ყველაფერი არ აღსრულდებოდა. ტაძრიდან გამოსული მღვდელი ხალხს მხოლოდ ნიშნებით ელაპარაკებოდა, რის გამოც ყველამ მიხვდა, რომ მან ტაძარში ხილვა იხილა.
მთავარანგელოზის მიერ ნაუწყები საღვთო აღთქმა აღსრულდა. ელისაბედმა შვა ძე. მერვე დღეს, წინადაცვეთის რიტუალის დროს, ნათესავებსა და მეზობლებს სურდათ ბავშვისთვის მამის სახელი, ზაქარია ეწოდებინათ. ელისაბედი შეეწინააღმდეგა და თქვა, რომ მას იოანე უნდა დარქმეოდა, რაზეც ნათესავებმა მიუგეს, რომ მათ საგვარეულოში ეს სახელი არავის ერქვა. მაშინ მათ ნიშნებით ჰკითხეს აზრი მამას. ზაქარიამ ითხოვა ფიცარი და ზედ დაწერა: „იოანე არს სახელი მისი“, რამაც ყველა განაცვიფრა. იმავე წამს ზაქარიას ენა აეხსნა, ამეტყველდა და ღმერთის დიდება დაიწყო. იგი აღივსო სულიწმიდით და წარმოთქვა წინასწარმეტყველება, სადაც თავის ახალშობილ ძეს „უზენაესის წინასწარმეტყველი“ უწოდა, რომელიც განამზადებდა უფლის გზებს. სახარება ამაღელვებელ ისტორიას იმის აღნიშვნით ასრულებს, რომ ბავშვი იზრდებოდა, სულით მტკიცდებოდა და უდაბნოში იმყოფებოდა იმ დღემდე, სანამ ისრაელის წინაშე გამოჩნდებოდა.
მაცხოვარი იოანე ნათლისმცემლის მიმართ ცხადად ბრძანებს: „არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოანე ნათლისმცემელისა“. რას უნდა ნიშნავდეს ეს? სიტყვები, რომლებიც ქრისტემ წინამორბედის შესახებ წარმოთქვა, ღრმა საღვთისმეტყველო მნიშვნელობისაა. კერძოდ: ყველა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ქრისტეს მოსვლას შორეული მომავლიდან, საუკუნეების სიღრმიდან წინასწარმეტყველებდა. იოანე კი იყო ერთადერთი, ვისაც ხვდა წილად უდიდესი პატივი - ყოფილიყო მესიის უშუალო წინამორბედი, საკუთარი თვალით ეხილა იგი და ხელით შეხებოდა მას. მან არა მხოლოდ იწინასწარმეტყველა ქრისტე, არამედ ხალხს უჩვენა კიდეც: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“. იოანე ნათლიმცემლის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მან მონათლა თავად მაცხოვარი. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავს უღირსად მიიჩნევდა უფლის ფეხსაცმლის თასმის გახსნისაც კი, მან შეასრულა ღვთის ნება და გახდა „მსახური“ იმ საიდუმლოსი, რომლის დროსაც სამყაროს პირველად განეცხადა წმინდა სამება. წინამორბედი არის ზღვარი ორ ეპოქას შორის. იგი აგვირგვინებს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მწკრივს და ხსნის ახალ, მადლის ეპოქას. წმინდა მამების განმარტებით, იგი თავისი ასკეტური, ანგელოზებრივი ცხოვრებით გახდა უმაღლესი მწვერვალი იმისა, რისი მიღწევაც ადამიანურ ბუნებას ძველი აღთქმის კანონების (წესების) პირობებში შეეძლო ქრისტეს მიერ მოტანილ მადლამდე. წმინდა იოანე ნათლისმცემელმა თავისი უნიკალური მისია - ყოფილიყო ქრისტეს წინამორბედი - არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ ჯოჯოხეთშიც შეასრულა. მას შემდეგ, რაც ჰეროდემ წინამორბედს თავი მოკვეთა, მისი სული, როგორც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამდე არსებული ყველა სხვა ადამიანის სული, ჯოჯოხეთში ჩავიდა. თუმცა, იგი იქ ჩავიდა არა როგორც დამარცხებული, არამედ როგორც მახარებელი. მან ჯოჯოხეთში მყოფ მართალთა სულებს (ადამს, ევას, აბრაამს, დავით მეფეს და სხვა წინასწარმეტყველებს) ახარა, რომ მესია უკვე მოვიდა სამყაროში, მალე თავადაც ეწვეოდა მათ და მტანჯველი ტყვეობისგან დაიხსნიდა.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას უდიდეს მნიჭვნელობას ანიჭებენ წმინდა მამები. მსოფლიო მოძღვარი, წმინდა იოანე ოქროპირი ამგვარად განადიდეს ამ საღვთო მოვლენას: „იხილე საოცრება: ბერწი დედა შობს წინამორბედს, ხოლო ქალწული - უფალს. ელისაბედის უნაყოფობის დაძლევა იყო წინამაუწყებელი იმ უდიდესი სასწაულისა, რომელსაც ქალწულ მარიამისგან უთესლოდ შობა ჰქვია. ბუნებამ თავისი კანონები დათმო, რათა გზა გაეხსნა მადლისათვის.“ ნეტარი ავგუსტინეს ეხმიანება თავის ქადაგებეში წინამორბედის შობას. ჰიპონიელი მღვდელმთავრის სწავლებით: „ეკლესია იოანეს შობას ისეთივე სიწმინდით ზეიმობს, როგორც უფლისას. სხვა არცერთი წმინდანის დაბადების დღეს არ ვდღესასწაულობთ ასე, გარდა მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. ეს იმიტომ, რომ იოანეს შობა არ იყო უბრალო ადამიანის დაბადება; ეს იყო წინასწარმეტყველებათა აღსრულების დასაწყისი და კაცობრიობისთვის ხსნის გზის ჩვენება. მისი შობით დასრულდა ძველი აღთქმა და გაიღო ახალაღთქმისეული კარი.“ ნეტარი მამის აზრი განივრცობა წმინდა გრიგოლ პალამას შესაბამის სწავლებაში. თესალონიკელი მღვდელმთავარი ბრძანებს: „იოანე არის შუამდგომელი ძველსა და ახალ აღთქმას შორის. იგია დასასრული ძველი წინასწარმეტყველებისა და დასაწყისი ახალი მადლისა. ამიტომაც, მისი შობა იყო საყოველთაო სიხარული, რამაც განაქარვა არა მხოლოდ ელისაბედის ყვედრება უშვილობის გამო, არამედ მთელი კაცობრიობის სულიერი უნაყოფობა.“
ამგვარად, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის ზოგადი და კოსმიური მნიშვნელობა, პირველ ყოვლისა, კაცობრიობის ისტორიის უდიდეს გარდატეხაში მდგომარეობს, სადაც ეს მოვლენა ოთხასწლოვანი წინასწარმეტყველური დუმილის დასასრულს და ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრის მყარ, ცოცხალ ხიდს წარმოადგენს. იგი არ არის უბრალოდ კიდევ ერთი დიდი წმინდანის დაბადება, არამედ სამყაროს სულიერი განთიადის დასაწყისია, რადგან ეკლესიის მამათა სწავლებით, თუ ქრისტე არის „სიმართლის მზე“, იოანე არის ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც მზის ამოსვლასა და სულიერი წყვდიადის გაფანტვას გვამცნობს. მისი, როგორც წინამორბედის, უმთავრესი მისია სულიერ დონეზე გზის განმზადება და ადამიანთა გულების იმგვარი მომზადება იყო, რომ კრიზისში მყოფ საზოგადოებას ღირსეულად მიეღო მესია. ამავდროულად, მისი ხანდაზმული მშობლებისგან სასწაულებრივი შობა სცდება ფიზიკურ ფენომენს და სიმბოლურად გამოხატავს კაცობრიობის სულიერი უნაყოფობისა და დაუძლურების დაძლევას, რითაც სამყაროს მიეცა უდიდესი იმედი და ხელშესახები ნიშანი იმისა, რომ უფალმა მოხედა თავის ხალხს და აღთქმული ხსნის აღსრულება უკვე დაიწყო.