როგორ მიიღეს მებადურებმა მოციქულთა კვალიფიკაცია

2826
21 ივნისი 2025 17:13
19
ქრისტე მოუწოდებს მოციქულებს პეტრესა და ანდრიას. დუჩო დი ბუონინსეა. ფოტო: открытые источники ქრისტე მოუწოდებს მოციქულებს პეტრესა და ანდრიას. დუჩო დი ბუონინსეა. ფოტო: открытые источники

შევძლებთ კი ჩვენ, ეკლესიური წესების მიღმა, ცოცხალი ქრისტეს დანახვას, სიყვარულის კანონის შეცნობას, რომლის გამოც ვმარხულობთ, ვესწრებით ლიტურგიებს?

ამ დღის კვირის სახარება ეხება ქრისტეს მიერ თავისი მოწაფეების მსახურებისთვის მოხმობას  (მთ. 4:18–23). ეს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და გაუგებარი ეპიზოდია სახარების ისტორიაში. მოციქულების მოხმობა აღწერილია მოკლედ და ლაკონურად. უფალი მიუახლოვდა მებადურებს და უთხრა: „მომყევით“. ისინი კი უსიტყვოდ  ადგნენ და გაჰყვნენ. მაგრამ სწორედ ამ ლაკონურობაშია რაღაც განსაკუთრებული. ძნელად წარმომიდგენია სიტუაცია, როდესაც ვინმა ქუჩაში მივა თავისი საქმით დაკავებულ ადამიანებთან და ეტყვის: „გამომყევით“.  ისინი კი დაუყოვნებლივ დატოვებენ ყველაფერს და გაჰყვებიან. მათ  არა მარტო ნავები, ბადეები და თევზი დატოვეს, არამედ ოჯახები, სახლები,  მათთვის ჩვეული ცხოვრების წესი.

ვინ იყო ის, ვინც მათ მოუხმო? ღმერთი, რომელიც ადამიანად შეიმოსა? დღეს ეს ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ მაშინ მოციქულებს ამის წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ. ქრისტეს სიკვდილამდე და მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც კი, ისინი ბოლომდე ვერ იგებდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. მხოლოდ სულიწმინდა, რომელიც მათზე  ორმოცდამეათე დღეს გადმოვიდა, აჩვენებს მათ მესიის პიროვნების, მისი  არსის სიღრმეს. ქრისტეს მოწოდება მებადურებისადმი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი მთელი ცხოვრება ელოდნენ იმ წამს, როცა მათ იესო მოუხმობდა. მხოლოდ ერთი ადგილი ხსნის მეტ-ნაკლებად ნათანაელის მოხმობის მიზეზს — იესომ „ის მანამდე ნახა ლეღვის ხის ქვეშ“. გამოდის, რომ ნათანაელს უკვე ჰქონდა შინაგანი, მისტიკური შეხვედრა ღმერთთან, რამაც ღრმად შეძრა იგი. დანარჩენი მოციქულების დაუყოვნებლივი მორჩილების მიზეზებზე კი წმინდა წერილი არაფერს გვეუბნება.

რაც შეეხება იესოს მიერ პირველ მქადაგებელთა „კადრების შერჩევას“, ესეც ბოლომდე გაუგებარია. ქადაგებისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სიტყვის ფლობა. საჭიროა რიტორიკული განათლება და გარკვეული თეოლოგიური ცოდნა. მებადური კი არაა ის ადამიანი, ვინც ლამაზად და დამაჯერებლად საუბრობს. მისი საქმეა ბადეების ზღვაში გადაგდება, თევზის ამოყვანა და ბაზარზე მიტანა. ამას არ სჭირდება სიტყვების მდიდარი მარაგი.  მათ თანამედროვე სტანდარტით პროდუქტის რეკლამირების გასაუბრება რომ ჩაებარებინათ, ალბათ  ამასაც ვერ გაივლიდნენ. ხოლო ღვთის სიტყვის ქადაგება ბევრად მეტ განათლებასა და გონებრივ მომზადებას ითხოვს. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ უბრალო ადამიანების საშუალებით მოხერხდა ღვთის ნების გადმოცემა  და ისინი ღვთისმეტყველების მახარობლებად მოევლინენ მთელ მსოფლიოს.

უნდა ითქვას, რომ მთელი ბიბლიური ისტორია გვიჩვენებს — ღმერთი ამა თუ იმ მისიის განსახორციელებლად ყოველთვის ირჩევდა  ყველაზე „უმეცარ“ ადამიანებს. მისი რჩეული ერი ხდება მომთაბარე ტომი, რომელსაც არც ისტორია ჰქონდა და არც დამწერლობა. ფარაონთან და მის განათლებულ ელიტასთან მოლაპარაკებებზე ღმერთი გზავნის მოუხერხებელ, ენაბლუ მოსეს. მეფედ ირჩევს მწყემს დავითს, თვითონ კი იბადება დურგლის  ოჯახში, თანაც არა  სახლში, არამედ ბაგაში. ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის მთელი ისტორიის მანძილზე ერთადერთ  გამონაკლისს ღვთისმშობელი მარიამი წარმოადგენს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღმერთმა თავისი  ძის განკაცებისთვის აირჩია საუკეთესო, ვინც კი ოდესმე შობილა ამ ქვეყანაზე.

მოციქულები, რომლებიც ადრე მებადურები იყვნენ „ადამიანთა მებადურებად“ იქცნენ (მთ. 4:19). და ღმერთმა კვლავ გვიჩვენა, რომ მისი ძალის აღსრულება სისუსტეში ხდება.

ის იღებს ყველაზე სუსტსა და, თითქოს, უმნიშვნელოს გლობალური მსოფლიო მიზნების განსახორციელებლად და აკეთებს იმას, რაც მხოლოდ მას ძალუძს. ადამიანის სისუსტე უფლის ხელში ძალად იქცევა, რომელიც მთელ მსოფლიოს ცვლის.

არავის შეუძლია თქვას, რომ სახარება მაშინდელ მსოფლიოში გავრცელდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოციქულები პროფესიონალი მისიონერები იყვნენ. ყველაფერი სწორედ საწინააღმდეგოდ მოხდა. არა იმის გამო, რომ ისინი ამ ყველაფრის ღირსნი იყვნენ, არამედ მიუხედავად ყველაფრისა — ღმერთი აკეთებს, რაც მის წმინდა ნებას წარმოადგენს.

ღვთის განგება ჩვენთვის უცნობია. როცა ვსაუბრობთ რომელიმე მოტივზე, ჩვენ ყოველთვის ჩვენი გონებით ვხელმძღვანელობთ. მაგრამ გონება მხოლოდ ადამიანის გულის დისპეტჩერია. როგორც ჩანს, მოციქულთა გულმა უკვე მაშინ შეიცნო ქრისტეში ღმერთი, სანამ გონება გააცნობიერებდა ამას. ამიტომაც მათ მყისიერი თანხმობით უპასუხეს მოწოდებას. როცა მათ დაინახეს ქრისტე და გაიგონეს მისი ხმა, ისინი სიტყვებს კი არ გაჰყვნენ, არამედ იმ ადამიანს, ვინც ეს სიტყვები წარმოთქვა. რადგან „არასოდეს ადამიანს არ უსაუბრია ისე, როგორც ის საუბრობდა “ (ინ. 7:46).

ის, რომ მოციქულებმა შეძლეს ქრისტეს მოწოდების გაგონება, მათი გულების სიწმინდეზე მეტყველებს. ისინი უბრალო ადამიანები იყვნენ, თავმდაბლები, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის გარეშე, განსხვავებით იმდროინდელი იუდეური ელიტისგან. საკუთარი სიმცირისა და არარაობის გაცნობიერება ისეთ ადამიანებსაც კი აძლევდა საშუალებას ქრისტესგან გამომავალ ნათელს შეხებოდნენ, როგორებიც იყვნენ მეძავები და თაღლითები. ხოლო ისინი, ვისაც თავი „მართლად“ მიაჩნდათ, იესოში მხოლოდ მეტოქეს ხედავდნენ, შურდათ  მისი დიდება და გავლენა. ისინი, ვინც მზად იყო მოეკლა უდანაშაულო ადამიანი, ამავდროულად  ზრუნავდნენ რიტუალური სისუფთავის დაცვაზე და არ შევიდნენ პილატესთან, რათა „არ შებილწულიყვნენ და მიეღოთ პასექი“.

ფარისევლები არ უფრთხოდნენ საკუთარი სულის შებილწვას მართლის სისხლით, მაგრამ ღელავდნენ ეკლესიური წესის გარეგნულ დაცვაზე. მხოლოდ ერთმა სინედრიონის წევრმა გადალახა ყველა ტაბუ და მივიდა პილატესთან „იესოს სხეულის მოთხოვნით“. მას უკვე არ ანაღვლებდა, რას იტყოდნენ „კოლეგები“, რადგან ნიკოდიმოსმა, ისევე როგორც იოსებ არიმათიელმა, შეიცნო, რომ იესო არის ქრისტე.

შევძლებთ კი ჩვენ, ეკლესიური წესების მიღმა ცოცხალი ქრისტეს დანახვას? შევძლებთ კი სიყვარულის კანონის გარჩევას, სიყვარულის კანონის შეცნობას, რომლის გულისთვისაც ვმარხულობთ, ვესწრებით ლიტურგიებს და ა.შ.? შეგვიძლია კი გვიყვარდეს ღმერთი იმ „უსაზღვრო“ სიყვარულით, რომელშიც არ არის ანგარიში და გონების ლოგიკა, არამედ მხოლოდ გულია, მისდამი მიძღვნილი? რადგან თვით ღმერთს ვუყვარვართ  ჩვენ ისეთი სიყვარულით, სადაც არ არის არანაირი ლოგიკა. ჩვენ კი, ყველაზე შეუფერებელი კანდიდატები ვართ ცათა სასუფევლისთვის. ჩვენში არაფერია ისეთი, რაც გვაძლევს უფლებას, რომ ამ სამკვიდრებელზე ვიოცნებოთ. მაგრამ… უფალო, გააკეთე ის, რასაც ყოველთვის აკეთებდი — გვაცხოვნე არა ჩვენი დამსახურების გამო, არამედ - მიუხედავად ყველაფრისა

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ