საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი
სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.
მართლმადიდებელ ეკლესიაში 1 სექტემბერი (ძველი სტილით) / 14 სექტემბერი (ახალი სტილით) ინდიქტიონის, ანუ საეკლესიო ახალი წლის დასაწყისად ითვლება. განსხვავებით სამოქალაქო კალენდრისგან, საეკლესიო კალენდარული ციკლი ეფუძნება არა მხოლოდ დროის ასტრონომიულ ათვლას, არამედ ხსნის ისტორიისა და ლიტურგიკული ცხოვრების ღრმა სულიერ საზღვრებს.
სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან, სადაც ყოველ 15 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ქონების აღწერა და დაწესებული იყო სახელმწიფო გადასახადი. ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის ეპოქიდან (IV საუკუნე) ინდიქტიონი გახდა ქრონოლოგიური ათვლის ოფიციალური ერთეული.
საეკლესიო წელიწადის დადგენისა და გამართვის საკითხი განსაკუთრებით ნიკეის კრების (325 წ.) შემდეგ ხანებში დგება დღის წესრიგში, როცა ყველაფერს საეკლესიო წიაღში კრებითობის სახე ეძლევა. სწორედ ამ პერიოდში ხდება შემხებლობა საეკლესიო ლიტურგიკული მოღვაწეობისა კალენდართან. ამიტომ, ეკლესიამ თავისი ლიტურგიკული მსახურებისათვის გამოიყენა ის კალენდარი, რაც მაშინ რომის იმპერიაში არსებობდა. თავისთავად ეკლესიას არ გამოუგონია ახალი კალენდარი, რადგან ამის საჭიროება არ იყო. მან გამოიყენა იმ დროს არსებული კალენდარი, რომელიც მეცნიერული თვალსაზრისით სრულებით მისაღები იყო საეკლესიო ლიტურგიკული მსახურებისთვის. ათვლითი სისტემა, რომელიც იმ დროისათვის არსებობდა სრულებით აკმაყოფილებდა იმ ყველაზე მთავარს, რომ საეკლესიო დღესასწაულები გაწყობილიყო მასზე და შემდგარიყო წლიური სისტემა, სადღესასწაულო ციკლი, რომელიც გარკვეული პრინციპებით იქნებოდა გაწყობილი.
საეკლესიო ახალ წელს გააჩნია ღრმა ლიტურგიკულ-საღვთისმეტყველო მნიშვნელობა. სახარების მიხედვით (ლუკა 4:16-22), იესო ქრისტე შაბათ დღეს შევიდა ნაზარეთის სინაგოგაში, გადაშალა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი და წაიკითხა: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული“. ეკლესია მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა სწორედ წლის დასაწყისს დაემთხვა და ქრისტემ ამით ახალი, სულიერი გზა აუწყა კაცობრიობას. საეკლესიო წელიწადი არის მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების რეაქტუალიზაცია. 1 სექტემბერი ხსნის იმ ციკლს, რომლის პირველი დიდი დღესასწაულიც არის ღვთისმშობლობა (8/21 სექტემბერი), ხოლო ბოლო - ღვთისმშობლის მიძინება (15/28 აგვისტო).
სამოქალაქო ახალი წლისგან (1 იანვარი) განსხვავებით, რომელიც ხშირად ერწყმის საერო ზეიმს, 1/14 სექტემბერი მორწმუნეებს მოუწოდებს შინაგან-სულიერი განახლებისაკენ, ლოცვისა და გასული წლის სულიერი ნაყოფის შეჯამებისაკენ. წმინდა მამათა სწავლებასა და ჰაგიოგრაფიულ გადმოცემებში საეკლესიო ახალ წელს (ინდიქტიონს) განსაკუთრებული სულიერი და სიმბოლური დატვირთვა აქვს. მამები მას განიხილავენ არა უბრალოდ კალენდარულ თარიღად, არამედ დროის კურთხევად, სულიერი განახლებისა და ღვთის განგებულების გამოვლინებად. წმინდა იოანე ოქროპირი თავის ქადაგებებში ხშირად უსვამდა ხაზს დროის სწორად აღქმას. წელიწადის დასაწყისთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს, რომ ქრისტიანისათვის ახალი წლის დადგომა სიხარულის მიზეზი უნდა იყოს არა გარეგნული ზეიმისა თუ ლხინის გამო, არამედ იმის ცნობიერებით, რომ ღმერთმა მოგვცა კიდევ ერთი წელი სინანულისა და კეთილი საქმეებისათვის. ოქროპირის მიხედვით, დროის კურთხევა ნიშნავს საკუთარი სულის განწმენდას და წლის ყოველი დღის ღვთისადმი მიძღვნას.
მართლმადიდებლურ ტრადიციაში 1/14 სექტემბერი მჭიდროდ არის დაკავშირებული წმინდა სვიმეონ მესვეტეს ხსენებასთან. ჰაგიოგრაფიული გადმოცემით, წმინდა სვიმეონმა სწორედ ამ დღეს დაიწყო თავისი განსაკუთრებული საგმირე მსახურება სვეტზე. საეკლესიო გადმოცემა ამ ორ მოვლენას სიმბოლურად აკავშირებს: ისევე, როგორც წმინდა სვიმეონმა აღმართა სვეტი მიწიდან ზეცისკენ და დაიწყო ახალი სულიერი ერა საკუთარ ცხოვრებაში, ასევე საეკლესიო ახალი წელიც მოუწოდებს თითოეულ ქრისტიანს, აიმაღლოს გონება მიწიერი ზრუნვებიდან ზეციერისაკენ.
ინდიქტიონი უმჭიდროვესად არის ასევე დაკავშირებული ჰეორტოლოგიურ, იგივე სადღესასწაულო წელიწადთანაც. ჰეორტოლოგია არის ლიტურგიკის ნაწილი. წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „ჰეორტე“, რაც დღესასწაულს ნიშნავს. იგი წარმოადგენს დღესასწაულებისგან შემდგარ მწყობრ სისტემას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებას, ამიტომ მას ხშირად ლიტურგიკულ წელიწადადაც მოიხსენიებენ. იგი ერთგვარი წლიური ციკლის სისტემაა მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელშიც მთავარი აქცენტი მაცხოვრის საუფლო დღესასწაულებზეა გაკეთებული, თუმცა გარდა დიდი დღესასწაულებისა ჰეორტოლოგიური წელიწადი მოიცავს სამარხვო ციკლსა და წმინდანთა მოსახსენიებელ დღეებსაც.
ინდიქტიონის ათვლით იწყება უძრავი დღესასწაულების ათვლა 12-ვე თვის განმავლობაში. ჰეორტოლოგიური წელიწადი ინდიქტიონის ჩარჩოში ახდენს კაცობრიობის ხსნის ისტორიის (ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმამდე, ქრისტეს შობიდან მის ამაღლებამდე და სულისწმიდის გარდამოსვლამდე) ყოველწლიურ რეაქტუალიზაციას. თუ ინდიქტიონი თავისი წარმოშობით რომისა და ბიზანტიის ადმინისტრაციულ-საგადასახადო ციკლს ეფუძნებოდა (სამოქალაქო დრო), ჰეორტოლოგიურმა წელიწადმა ეს დროითი ჩარჩო სულიერი შინაარსით შეავსო - სეკულარული ქრონოლოგია გარდაქმნა „უფლის შეწყნარებულ წელიწადად“ (ლუკა 4:19), სადაც ყოველ თვესა და დღეს თავისი ლიტურგიკული და თეოლოგიური დანიშნულება აქვს. ინდიქტიონი არის ჰეორტოლოგიური წლის ჩონჩხი და კალენდარული კარი, ხოლო ჰეორტოლოგიური წელიწადი - ამ ჩარჩოში მოქცეული სულიერი შინაარსი და ლიტურგიკული ცხოვრება.
ლოგიკური იქნება თუ ინდიქტიონსა და საეკლესიო წელიწადის შესახებ თხრობას დავასრულებთ ჰიმნოგრაფიული საგალობლით: „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამხსნელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, უფალო და დაიცევ კეთილმორწმუნე ერი და სამწყსო შენი, რომელნი გევედრებიან ღმრთისმშობელისა მიერ დიდისაებრ წყალობისა შენისა“.