ინფორმაციის სიჭარბე და სულიერი სიფხიზლე
შეუჩერებელი ინფორმაციული მოხმარება იწვევს შინაგან ქაოსს, შფოთვასა და გონების გაბნევას - იმ მდგომარეობას, რასაც გონების გაფანტულობა ეწოდება.
თანამედროვე სამყარო თვალუწვდენელ, განუწყვეტელ ინფორმაციულ ოკეანეშია შთანთქმული, სადაც ადამიანის გონება ყოველწამიერად ათასგვარი ცნობის, ხმის, სურათისა და იდეის სამიზნე ხდება. ეს უპრეცედენტო ნაკადი ერთი შეხედვით ცივილიზაციის მიღწევად, ცოდნის ხელმისაწვდომობად და „სარგებლის მომტან“ ინფორმირებულობად აღიქმება. თუმცა, თუკი ამ მოვლენას ქრისტიანული ანთროპოლოგიის, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ასკეტური გამოცდილების შუქზე შევხედავთ, ნათელი გახდება, რომ გარეგნული „განათლებისა“ და ინფორმირებულობის მიღმა სულის უმძიმესი ტყვეობა და სულიერი სიფხიზლის დაკარგვის საფრთხე იმალება.
ადამიანს ხშირად ჰგონია, რომ რაც უფრო მეტს შეიტყობს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, მით უფრო დაცული, მომზადებული და კომპეტენტური იქნება. სინამდვილეში კი, ეს შეუჩერებელი ინფორმაციული მოხმარება იწვევს შინაგან ქაოსს, შფოთვასა და გონების გაბნევას - იმ მდგომარეობას, რასაც გონების გაფანტულობა ეწოდება. პავლე მოციქულის სიტყვები: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მარგებს“ (1 კორ. 6:12), დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. თანამედროვე პლატფორმები შემთხვევით არ არის შექმნილი; მათ მიღმა დგას ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებული ალგორითმები, რომლებიც უხილავი მარყუჟებით იტაცებენ ადამიანის ყურადღებას. „უსასრულო სქროლვა“ აუქმებს ბუნებრივ ზღვარს და გონებას უნებლიე, მექანიკურ მდგომარეობაში აყენებს. თანამედროვე მოძღვართა შეგონებით, ეს არის ვნების და მიჯაჭვულობის ახალი, ტექნოლოგიური ფორმა, რომელიც აპარალიზებს ადამიანის თავისუფალ ნებას და ართმევს მას საკუთარ თავსა და ღმერთთან დარჩენის უნარს. ყოველდღიურად მიღებული ათასობით ცნობა არა თუ არ აშენებს ადამიანის სულს, არამედ აცარიელებს მას, ართმევს ლოცვის უნარს და არღვევს იმ შინაგან მშვიდობას, რომელზეც წმინდა სერაფიმ საროველი ამბობდა: „მოიპოვე მშვიდობიანი სული და შენს გარშემო ათასები გადარჩებიანო“.
დღევანდელ ეპოქაში ტყუილისა და სიმართლის საზღვრები იმდენად არის წაშლილი, რომ ჭეშმარიტების მარცვლის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი - სიცრუის მამა, ეშმაკი, სწორედ ხმაურითა და ილუზიებით სარგებლობს, რათა ადამიანს გადაატანინოს ყურადღება არსებითიდან მეორეხარისხოვანზე. როდესაც გონება გადატვირთულია სხვათა მოსაზრებებით, პოლიტიკური ვნებებითა თუ სენსაციებით, მას აღარ შესწევს უნარი სულიერად განსაჯოს. გავიხსენოთ რას გვასწავლის წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ (1 ინ. 4:1). ინფორმაციის სიჭარბე კი ზუსტად ამ გამოცდის, დაფიქრებისა და დაღვინების შესაძლებლობას ართმევს ადამიანს. სწრაფი რეაგირების, ემოციური ჩართულობისა და მუდმივი განხილვების რეჟიმში მყოფი გონება კარგავს სიღრმეს და ხდება ადვილად მანიპულირებადი.
წმინდა მამათა სწავლებით, გონება არის სულის თვალი. როდესაც თვალში მტვერი ხვდება, ის კარგავს მხედველობას. წმინდა ისააკ ასურის მოძღვრებით, გონების სიმშვიდე და სიწმინდე გრძნობათა დაცვით მიიღწევა. თუკი ადამიანი არ იცავს თავის სმენასა და მხედველობას ამაო ხმებისა და გამოსახულებებისგან, ის ჰგავს სახლს, რომლის კარ-ფანჯარაც ღიაა და შიგნით ყოველი გამვლელი უსუფთაობას ყრის. „უქმადმეტყველება“, რომლისგანაც განრიდებას ღირსი ეფრემ ასური ასე მხურვალედ ევედრება უფალს, თანამედროვე სამყაროში „ინფორმაციულ უქმადმეტყველებად“ გარდაიქმნა. ადამიანი ფიქრობს, რომ ის ვითომდა საქმითაა დაკავებული, სინამდვილეში კი მისი შინაგანი ტაძარი „ამაოების ბაზრად“ არის ქცეული.
საჭიროა მკაფიოდ გაივლოს ზღვარი გარეგნულ ინფორმირებულობასა და ჭეშმარიტ სიბრძნეს შორის. ეკლესიასტე გვახსენებს: „დიდ სიბრძნეში დიდი დარდია, და ცოდნის გამრავლება დარდის გამრავლებაა“ (ეკლ. 1:18). აქ საუბარია სწორედ იმ ამქვეყნიურ, ღვთისგან განყენებულ ცოდნაზე, რომელიც არ ბადებს სიყვარულს, არამედ კვებავს ამპარტავნებასა და მღელვარებას. ინფორმაცია მიწაზე გვამაგრებს და გვტვირთავს, ხოლო სულიერი სიფხიზლე გონებას მაღლა აღაპყრობს. როდესაც ადამიანი ყოველდღიურად ათასობით ნეგატიურ, თუ სენსაციურ ცნობას იღებს, მისი გული თანდათან გაქვავებულ უგრძნობლობაში ვარდება. იგი ეჩვევა სხვის ტკივილს, ტრაგედიებს, სიცრუეს და ხდება პასიური მაყურებელი, ეს გაქვავება კი სულიერი სიკვდილის დასაწყისია.
ამ მდგომარეობიდან გამოსავალს წმინდა მამები ერთადერთ გზაში ხედავენ - ეს არის სულიერი სიფხიზლე, მდუმარება და გრძნობათა მართვა. წმინდა იოანე კასიანე და წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სულიერი ცხოვრების საფუძველი გონების დაცვაა. სიფხიზლე ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გახდეს საკუთარი გულის გუშაგი და არ გააღოს გონების კარები ყოველი შემოსული ინფორმაციული იმპულსისთვის. როგორც სხეულს სჭირდება ჰიგიენა და ზომიერება საკვებში, ასევე სულს სჭირდება „ინფორმაციული მარხვა“. ქრისტიანმა უნდა ისწავლოს გაჩუმება, შეჩერება, ეკრანებისა და ამაო ხმების მიღმა დარჩენა, რათა შეძლოს ღვთის ხმის გაგონება, რადგან, როგორც მესამე მეფეთა წიგნშია ნათქვამი, უფალი არ იყო ძლიერ ქარში, არც მიწისძვრაში, არც ცეცხლში, არამედ „წყნარ, ნაზ სიოში“ (3 მეფ. 19:11-12).
„ციფრული ასკეზა“ არ ნიშნავს ტექნოლოგიებისადმი რადიკალურ შიშს, არამედ მათზე სულიერი ბატონობის აღდგენას. ეს არის ერთგვარად მარხვის ახალი ფორმა: ცნობიერი გამორთვა, შეტყობინებების შეზღუდვა, „ტექნოლოგიური შაბათის“ დაწესება და ეკრანებისგან განტვირთვა. როგორც სხეულის მარხვა წმენდს ორგანიზმს, ასევე ციფრული მარხვა ათავისუფლებს გონებას ამაო ხმაურისგან, რათა მასში კვლავ გაჩნდეს ადგილი ლოცვისა და შინაგანი სულიერი კონცენტრაციისთვის.
ამგვარად, „სარგებლის მომტანი“ ინფორმირებულობა ხშირად აღმოჩნდება ხოლმე სულის უჩინარი მტერი, თუკი მას არ ახლავს სულიერი სიფხიზლე და ზომიერება. ჭეშმარიტი თავისუფლება არ მდგომარეობს იმაში, რომ იცოდე ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება, არამედ იმაში, რომ ფლობდე საკუთარ გონებას და არ მისცე მას უფლება შთაინთქას ამაოების ნაკადში. ქრისტიანული სულიერი გამოცდილება მოგვიწოდებს გარეგნული ხმაურიდან შინაგან სიჩუმეში დაბრუნებისკენ, სადაც ლოცვისა და წმინდა წერილის კითხვის საშუალებით აღდგება ადამიანის დაკარგული მთლიანობა. მხოლოდ ასეთ სიჩუმეში, სულიერი სიფხიზლის პირობებშია შესაძლებელი ტყუილისა და მართლის გარჩევა, ღვთის ნების შეცნობა და იმ შინაგანი სასუფევლის პოვნა, რომელიც, ქრისტეს სიტყვებით, ჩვენს შიგნით არის.