მალტის ეგზარქოსი მიტროპოლიტ აბრაამის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
მიტროპოლიტ კირილოს კირინელის განცხადებით, მეუფე აბრაამის თავდადებული სამღვდელო მსახურება და სამწყსოსადმი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა ყველას გულში ძვირფას მოგონებად დარჩება.
მალტის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი კირილოს კირინელი, დასავლეთ ევროპის ქართული ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილით მიმართავს.
მალტის საპატრიარქო ეგზარქატის სამღვდელოებისა და მრევლის, აგრეთვე პირადად თავისი სახელით მიტროპოლიტი კირილოსი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეუფე აბრაამის უფალში განსვენების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს.
„მისი თავდადებული სამღვდელო მსახურება და სამწყსოსადმი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა მარად ძვირფას მოგონებად დარჩება ყველას გულში, ვისაც მისი გაცნობისა და მასთან ურთიერთობის პატივი ხვდა წილად“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
მიტროპოლიტი კირილოსი მწუხარების ამ ჟამს დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს ლოცვითა და ძმური სიყვარულით თანადგომას უცხადებს და უფალს შესთხოვს, მიტროპოლიტ აბრაამის სულს დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, ხოლო მის სულიერ შვილებს ნუგეში, სიმტკიცე და სულიერი ძალა მიანიჭოს.
„უფალმა განუსვენოს მის სულს მართალთა თანა და დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი!“ – ნათქვამია მიტროპოლიტ კირილოს კირინელის სამძიმრის წერილში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტი აბრაამი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაასვენეს.
