თურქეთში ქრისტეს უძველესი გამოსახულება აღმოაჩინეს
ძველი ნიკეის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ფრესკაზე იესო ქრისტე „კეთილი მწყემსის“ სახით არის წარმოდგენილი. არქეოლოგიურ აღმოჩენას ადრექრისტიანული ხელოვნების ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თურქეთში, ისტორიული ნიკეის ტერიტორიაზე, არქეოლოგებმა ადრექრისტიანული ხანის მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს — გამოავლინეს ფრესკა, რომელიც, სავარაუდოდ, III საუკუნით თარიღდება და რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული „კეთილი მწყემსის“ სახით.
ფრესკაზე მაცხოვარი ახალგაზრდა, უწვერულ მამაკაცად არის წარმოდგენილი, რომელსაც მხრებზე ცხვარი ჰყავს გადაკიდებული. აღნიშნული გამოსახულება ადრეული ქრისტიანული ხელოვნებისთვის დამახასიათებელ სიმბოლიკას უკავშირდება, სადაც ქრისტე მწყემსის სახით არის წარმოჩენილი, ხოლო ცხვარი ადამიანის სულის სიმბოლოა.
აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანული ხელოვნების ისტორიისა და ადრეული ქრისტიანული იკონოგრაფიის შესწავლის თვალსაზრისით. იგი წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ გამოსახავდნენ მაცხოვარს ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, იმ პერიოდშიც, როდესაც ქრისტიანული ხელოვნების კანონიკური ტრადიციები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო.
საყურადღებოა, რომ ფრესკა, სავარაუდოდ, ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდე (325 წელი) შექმნილ ნიმუშს წარმოადგენს. შესაბამისად, აღმოჩენას განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულება აქვს ადრეული ქრისტიანობის ვიზუალური მემკვიდრეობის შესწავლისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ სირიაში წმინდა სვიმეონ მესვეტის უძველესი სვეტი აღადგინეს.

