სთძ-ის საშტაბო-სამეთაურო კოლეჯის წარმომადგენლები საპატრიარქოს ეწვივნენ
კოლეჯის ხელმძღვანელსა და სასწავლებლის წარმომადგენლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ უმასპინძლა და ისინი დალოცა.
2026 წლის 19 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის ძალების საშტაბო-სამეთაურო კოლეჯის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე, და სასწავლებლის სხვა წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს სტუმრობდნენ.
ვიზიტი სიონის საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო, სადაც თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, კაპელან იაკობ მახნიაშვილთან და ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სტუმრები გაეცნენ სიონის საპატრიარქო ტაძრის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიას. ასევე მოინახულეს ძველი საპატრიარქო რეზიდენცია და მოისმინეს ინფორმაცია მისი დაარსების შესახებ.
კოლეჯის წარმომადგენლებმა ანჩისხატის ტაძარიც მოილოცეს, სადაც მათ ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ, უმასპინძლა და ტაძრის ისტორია გააცნო.
ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაგრძელდა. შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს გააცნეს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ზედამხედველობით განხორციელებული პროექტები და ინიციატივები, მათ შორის: „ჯარის ბანაკი“, „ღირებულებითი განათლება“, საკვირაო სკოლების საქმიანობა და პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული დახმარების ღონისძიებები.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე შეხვდა ფსიქოლოგი, რომელმაც ისაუბრა ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებზე, თანამედროვე გამოწვევებზე, სტრესსა და მისი დაძლევის გზებზე.
ვიზიტის დასასრულს კოლეჯის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მიიღო და დალოცა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა კოლეჯის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე, რომელმაც პატრიარქს სასწავლებლის საქმიანობა გააცნო და სტუმრობის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ „ჯარის ბანაკს“ ახალი საგანი – „ღირებულებითი განათლება“ – დაემატა.
