კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს დაბადების დღეს ულოცავს

გუშინ 19:31
120
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). ფოტო: sazu ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). ფოტო: sazu

პატრიარქი მეუფე იოანეს მრავალწლიან სასულიერო მოღვაწეობას, ბიბლიის ქართულ ენაზე თარგმნის საქმეში შეტანილ წვლილსა და საგანმანათლებლო საქმიანობას აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელს) დაბადების საიუბილეო თარიღს ულოცავს.

პატრიარქი მილოცვაში მეუფე იოანეს სიბრძნეს, ცოდნას, ქრისტეს სწავლებისადმი ერთგულებასა და მრავალწლიან სასულიერო მოღვაწეობას აღნიშნავს.

„გულითადად გილოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს! თქვენი განვლილი ცხოვრება ჭეშმარიტად მოწმობაა წმინდა წერილის სიტყვებისა – „ნეტარ არს კაცი, რომელმან ჰპოვა სიბრძნე და შეიძინა გონიერება“. თქვენ იმ ღვაწლმოსილ მღვდელმსახურთა შორის ბრძანდებით, რომელთა სიბრძნეც, ცოდნასთან ერთად, უპირველესად ემყარება უფალ იესო ქრისტეს სწავლებას, მის უპირობო ერთგულებასა და განსაცდელთა დათმენას“, – წერს კათოლიკოს-პატრიარქი.

მილოცვაში აღნიშნულია მიტროპოლიტ იოანეს წვლილი მცხეთა-თბილისისა და რუსთავის ეპარქიების, სასულიერო განათლებისა და საღვთისმეტყველო მეცნიერების, საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებაში. პატრიარქი ასევე ხაზს უსვამს მის საქმიანობას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხელმძღვანელობისას, სასწავლო პროცესის განმტკიცებისა და მომავალი სასულიერო პირების აღზრდის მიმართულებით.

კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებულად აფასებს მეუფე იოანეს ღვაწლს წმინდა წერილის თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნისა და მთარგმნელთა ჯგუფის ჩამოყალიბების საქმეში. მისივე თქმით, მეუფის ხელმძღვანელობით შესრულებული შრომა დედნისადმი ერთგულებითა და სიღრმით გამოირჩევა და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ბიბლიის ქართულ თარგმანთა შორის.

მილოცვაში ასევე აღნიშნულია მიტროპოლიტის ზრუნვა გელათის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტრადიციების გაგრძელებაზე, საღვთისმეტყველო ნაშრომების გამოცემაზე, წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დაარსებასა და განვითარებაზე, ქართული საეკლესიო გალობის აღორძინებასა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

პატრიარქი შიო III განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს მეუფე იოანეს ურთიერთობას აწ გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან და აღნიშნავს, რომ მისი მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა-კურთხევა მიტროპოლიტის სასულიერო ცხოვრების გზაზე თანამავალი და განმამტკიცებელი იყო.

„ძვირფასო მეუფე, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს და მადლობას გიხდით მრავალწლიანი ერთგულებით, თავგანწირვითა და კაცთმოყვარეობით, სიბრძნითა და განსწავლულობით გამორჩეული მსახურებისთვის.

უფალმა დაგლოცოთ და მოგანიჭოთ მადლი და წყალობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე ღვთისა და სამშობლოს კვლავაც დიდხანს მსახურებისა!

თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს ქუთაის-გაენათის ეპარქია და სრულიად საქართველო!“ – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქ შიო III-ის ნათლულებს კიდევ 710 ბავშვი შეემატა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ