მიტროპოლიტმა გრიგოლმა ბრიუსელის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა აღავლინა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელის სამრევლოში გაიმართა დისკუსია თემაზე „რწმენა და ცოდნა: თანამედროვე კონტექსტი“.
15 ნოემბერს, კვირას, ბრიუსელის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა აღავლინა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის სტუმარმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
მღვდელმთავარს თანამსახურება გაუწიეს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა დოსითეოსმა და ეპარქიის სასულიერო დასის წარმომადგენლებმა.
მიტროპოლიტი გრიგოლი ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, ფილოსოფიის დოქტორები: თენგიზ ირემაძე და ლალი ზაქარაძე, ასევე იღუმენია თეკლა წიქარიძე და დეკანოზი იოანე კორძახია.
ვიზიტის ფარგლებში, 14 ნოემბერს, ბრიუსელის სამრევლოში გაიმართა დისკუსია თემაზე: „რწმენა და ცოდნა: თანამედროვე კონტექსტი“.
შეხვედრაზე განხილული იყო რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართების საკითხები თანამედროვე სამყაროში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ბრიუსელის ქართულ სამრევლოში სერგო ვარდოსანიძის წიგნი წარადგინეს.
