მეორე ქესალოში V-VI საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს
წინასწარი მოსაზრებით, აღმოჩენილი ნაგებობა შესაძლოა, ადგილობრივი ხელისუფალის ან დიდგვაროვნის სასახლეს წარმოადგენდეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნეებით დათარიღებული არქიტექტურული კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.
არქეოლოგიურ კვლევებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს.
კვლევების შედეგად გამოვლენილია მასშტაბური არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი, რომელიც, წინასწარი მოსაზრებით, შესაძლოა, ადგილობრივი ხელისუფალის ან დიდგვაროვნის სასახლეს წარმოადგენდეს.
არქეოლოგიური ობიექტი ტერიტორიაზე 2020 წელს დაფიქსირდა, ხოლო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილის შესწავლა 2023-2025 წლებში განხორციელდა.
2026 წელს დაგეგმილი სამუშაოები კომპლექსის დასავლეთითა და ჩრდილოეთით მდებარე ახალი მონაკვეთების არქეოლოგიურ შესწავლას ითვალისწინებს. კვლევის ფარგლებში მოხდება გამოვლენილი კედლების, კრამიტის ფენებისა და დარბაზების იატაკების გაწმენდა. ასევე, გათხრილი ტერიტორია რეკულტივირდება და ნაგებობების ნაშთები საკონსერვაციო ფენით დაიფარება, რაც მათი შემდგომი დაზიანების პრევენციას ემსახურება.
მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი და არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლები.
მეორე ქესალოს არქეოლოგიური კომპლექსის შესწავლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქვემო ქართლის ისტორიული წარსულისა და ადრეული შუა საუკუნეების არქიტექტურული მემკვიდრეობის შესწავლის თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსის ნაწილი ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზიანებულია, რაც მისი დაცვის, შენარჩუნებისა და შემდგომი არქეოლოგიური კვლევების გაგრძელების აუცილებლობას განაპირობებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება.
