12 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა იოთამ ზედგენიძეს მოიხსენიებს

დღეს 08:17
112
წმინდა იოთამ ზედგენიძე წმინდა იოთამ ზედგენიძე

წმიდა მოწამე იოთამ ზედგენიძემ მეფე გიორგი VIII-ის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა — მისი თავდადებისა და ერთგულების ამბავი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

12 ნოემბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმიდა მოწამე იოთამ ზედგენიძეს, მეფისათვის თავდადებულს (+1465), იხსენიებს.

იოთამ ზედგენიძე სიმამაცით, ქრისტიანული სარწმუნოებითა და მეფისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამორჩეული აზნაური იყო. მას მიაჩნდა, რომ ღვთივკურთხეული მეფის ერთგულება სამშობლოსა და წმიდა ეკლესიის სიყვარულსაც ნიშნავდა.

1465 წელს მეფე გიორგი VIII სამცხის ათაბაგ ყვარყვარეს წინააღმდეგ გაემართა. ფარავნის ტბასთან დაბანაკებულ მეფეს განდგომილებმა შეთქმულება მოუწყვეს და მისი მოკვლა განიზრახეს. შეთქმულების შესახებ შეიტყო იოთამ ზედგენიძემ და მეფე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა, თუმცა გიორგი VIII-მ მისი სიტყვები არ დაიჯერა.

მაშინ იოთამმა მეფეს საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ გადარჩენა შესთავაზა და სთხოვა, ღამით მის ნაცვლად სამეფო კარავში თავად დაწოლილიყო. მან მხოლოდ ერთი თხოვნა გამოთქვა — მეფეს მისი შვილები არ დავიწყებოდნენ.

მეფე დათანხმდა. იმავე ღამეს შეთქმულები სამეფო კარავში შეიჭრნენ და მეფის ნაცვლად იქ მყოფი იოთამ ზედგენიძე მოკლეს. ამგვარად, მისმა თავგანწირვამ გიორგი VIII სიკვდილს გადაარჩინა.

დილით მეფემ ერთგული კარისკაცი გარდაცვლილი იხილა, დიდი მწუხარებით დაიტირა იგი და შეთქმულები დასაჯა. მადლიერმა გიორგი VIII-მ იოთამ ზედგენიძის შთამომავლობა წყალობითა და პატივით აავსო.

მეფის, სამშობლოსა და სარწმუნოებისადმი ერთგულებისა და თავგანწირვის გამო იოთამ ზედგენიძე საქართველოს ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეებს ტროფიმეს, საბატის და დორიმედონტს მოიხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ