ახალქალაქში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა ლიტერატურული, მუსიკალური და შემოქმედებითი პროგრამა წარმოადგინეს. ღონისძიება „ღირებულებითი განათლების“ კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
2026 წლის 10 ნოემბერს ქალაქ ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საიუბილეო ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეები მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა აკაკი წერეთლის პოემა „წმინდა ნინო, ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“ და იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები „ქართველთა მოქცევა ქრისტიანობაზე და წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი“.
სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელშიც საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებისა და გავრცელების ისტორიული პერიოდები მიმოიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობას ჯავახეთში.
ასევე მოეწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებას სკოლის პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, მისი მოადგილე არმენ მარანგოზიანი, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ნინო სუდაძემ. მან მადლობა გადაუხადა „ღირებულებითი განათლების“ კლუბს, სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საიუბილეო ღონისძიების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის.
სიტყვით გამოვიდა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანიც, რომელმაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების საქმიანობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საიუბილეო თარიღი და ღონისძიების წარმატებით ჩატარება საზოგადოებას მიულოცეს „ღირებულებითი განათლების“ კლუბის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქრისტიანული სარწმუნოების, ეროვნული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას მომავალი თაობის აღზრდისა და ღირებულებითი განათლების პროცესში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ჭიათურაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს კვირეული მიეძღვნა.
