მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მიტროპოლიტ ანტონს მღვდელმთავრობის 30 წლის იუბილეს ულოცავს
მეუფე ანტონი (ბულუხია) სამი ათეული წელია, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული მსახურია და ვანისა და ბაღდათის ეპარქიას მღვდელმთავრის ხარისხით წინამძღვრობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე ანტონს (ბულუხიას), მღვდელმთავრობის 30 წლის იუბილეს გულითადად ულოცავს.
ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით გვახსენებს იმ მრავალწლიან სულიერ ღვაწლს, რომელიც მეუფე ანტონმა ეკლესიისა და საკუთარი სამწყსოს მსახურებას მიუძღვნა.
სამი ათეული წლის განმავლობაში მეუფე ანტონის მღვდელმთავრული მსახურება დაკავშირებულია ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სულიერ ცხოვრებასთან, მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებასთან და ეკლესიური ტრადიციების დაცვასა და განვითარებასთან.
ძვირფასო მეუფეო, ამ ღირსშესანიშნავ დღეს გისურვებთ უფლის უხვ წყალობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და მხნეობას. დაე, ყოვლადწმინდა სამებამ განგამტკიცოთ თქვენს საპასუხისმგებლო მსახურებაში, მოგანიჭოთ სიბრძნე, მოთმინება და ძალა, რათა კვლავაც მრავალი წელი წინამძღვრობდეთ თქვენს სამწყსოს სიყვარულითა და ღვთისადმი ერთგულებით.
მრავალჟამიერ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
ისპოლა ეტი დესპოტა!
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: მიტროპოლიტი ანტონი: „ჩვენი მიზანია ახალგაზრდობა აღვზარდოთ რწმენასა და სიყვარულში“.
